მეექვსე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #25)

მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #25)

ძველი ქვის ხანაში ეგვიპტეში ხალხი ნილოსისგან მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე ცხოვრობდა. დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლისთვის ისინი მიწადმოქმედები გახდნენ: დაიწყეს ხორბლისა და ქერის მოყვანა, მსხვილფეხა საქონლის მოშენება. მათ სოფლებში ტალახისგან აგებული ქოხები იდგა. მიწადმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამ ხელი შეუწყო სამეფოს ჩამოყალიბებას. უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ირკვევა, რომ დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლისთვის ხალხი უკვე ქალაქებში ცხოვრობდა და დამწერლობა ჰქონდათ. სამარხებში აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის სპილოს ძვლის შესანიშნავი საგნები, თიხის ქოთნები ააშკარავებს ეგვიპტელთა ცხოვრების საოცარ დეტალებს ძვ. წ. 3100 წლამდე – ჯერ კიდევ ფარაონების ეპოქამდე.

ეგვიპტის ტერიტორიის 90 % –ზე მეტს უდაბნო შეადგენს, კლიმატი მშრალი და ცხელია. ეგვიპტური ცივილიზაცია განვითარდა მხოლოდ და მხოლოდ მდინარე ნილოსის წყალობით, რომელიც წელიწადში ერთხელ დიდდებოდა და ნაპირებს ნოყიერი, შავი შლამით ფარავდა. ეგვიპტელების უმრავლესობა ნილოსის ნაპირებზე ცხოვრობდა, რომელსაც „ქემეთს“ ან „შავ მიწას“ უწოდებდნენ. სახნავ–სათესი მიწების  უკან უნაყოფო უდაბნო – „წითელი მიწა“ მდებარეობდა. წყალდიდობასთან ერთად მიწათმოქმედთათვის ახალი წელი იწყებოდა. როგორც კი წყალი დაიკლებდა და უკან დაიხევდა, ისინი ხორბლის, ქერის, სელისა და სხვა მარცვლეულის თესვას იწყებდნენ და, როგორც წესი, შესანიშნავ მოსავალსაც იღებდნენ.

ძვ. წ. 3100 წლიდან ეგვიპტეს ძლევამოსილი მმართველები, ფარაონები, მართავდნენ. წოდება „ფარაონი“ ნიშნავს „უზარმაზარ სახლს“ და მეფის სასახლეს აღნიშნავს. ხალხს ფარაონები ცოცხალ ღმერთებად, დედოფლები კი ქალღმერთებად მიაჩნდა. ფარაონის ცოლები ასევე ატარებდნენ „დიდებული მეფის ცოლის“ ტიტულსაც. ქალები ეგვიპტეს ძალიან იშვიათად მართავდნენ. ფარაონის სიკვდილის შემდეგ ტახტი მის ვაჟს გადაეცემოდა. ის სპეციალურად იყო გაწვრთნილი და მომზადებული სპორტსა და საბრძოლო ხელოვნებაში. ზოგჯერ მემკვიდრეები ძალაუფლებას ძალიან დიდხანს ელოდნენ. ერთი ფარაონი – პეპი II - ტახტზე 6 წლისა ავიდა და 94 წლის ასაკში ისევ ფარაონი იყო.

ეხნატონის მმართველობის დროს მრავალღმერთიანობა აკრძალეს და მხოლოდ მზე–ღმერთს, ატონს ემსახურებოდნენ. ეხნატონი თავის ცოლთან, ნეფერტიტთან ერთად მართავდა ქვეყანას. მან დააარსა ახალი დედაქალაქი და მზე–ღმერთის გარდა ყველა სხვა ღმერთის ტაძარი გააუქმა. სიკვდილის შემდეგ ხალხმა ეხნატონი და ნეფერტიტი შეიძულა და მათი სასახლეები დაანგრია. მათმა შვილმა ტუტანხამონმა კი ძველი ღმერთების დიდება აღადგინა.

ეგვიპტელებს სჯეროდათ საიქიო ცხოვრებისა და იმისა, რომ ხელახლა დაიბადებოდნენ თავიანთივე სხეულებით, ამიტომ სხეულის შენარჩუნებას მისი მუმიფიცირების გზით ცდილობდნენ. გარდაცვლილს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ, აშრობდნენ და სპეციალურ ქილებში, კანოპებში, ინახავდნენ. გულს ტოვებდნენ, რადგან ის საიქიოში უნდა აწონილიყო. შემდეგ სხეულს ნატრონის მარილში აშრობდნენ და სელის სახვევებში ახვევდნენ.

საიქიოში მუმიას სპეციალური დაკრძალვის ნავით მიაცილებდნენ ორი თავგადაპარსული მოტირალის თანხლებით. ეს ქალები განასახიერებდნენ ქალღმერთებს – ნეფთისს და იზიდას. ნავის უკანა ნაწილში, ორ დიდ  ნიჩაბთან მეზღვაური იჯდა. ნავის გვერდები მწვანე ფერის იყო  (შემოუსვლელი მარცვლეულის ფერი), რაც სიმბოლურად სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განასახიერებს.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: