მეექვსე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #24)

მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #24)

„მარადიული ქალაქი“, „წმინდა ქალაქი“, „კაცობრიობის ისტორიის სიმბოლო“ – ეს ის ეპითეტებია, რომლითაც მოიხსენიებენ მსოფლიოში ერთ–ერთ ულამაზეს და უძველეს ქალაქს – რომს. ის განთქმულია თავისი ისტორიით, კულტურითა და ღირსშესანიშნაობებით და ხშირად უწოდებენ ქალაქ–მუზეუმს. ყოველწლიურად რომს 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

გადმოცემის თანახმად, რომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წელს დაარსდა. ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, ქალაქი ტყუპმა ძმებმა – რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ბიძამ სამეფო ტახტის მოცილე ახალშობილი ტყუპი ძმები თავიდან მოიშორა: კალათში ჩასვა  და ტყის პირას დატოვა. მიტოვებული ბავშვები შემთხვევით მგელმა იპოვა და ძუძუთი გამოკვება. ის კოდალასთან ერთად ზრდიდა ტყუპ ძმებს. ცოტა ხანში ტყუპები მწყემსმა იპოვა და სახლში წაიყვანა. გონიერმა და მამაცმა ძმებმა თვითმარქვია, უსამართლო და სასტიკი მეფის დამხობა და სამართლიანობის აღდგენა გადაწყვიტეს. ასე დაარსდა რომი. ქალაქის კედლების მშენებლობისას რემუსმა ძმას დასცინა, რის გამოც ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ. რომულუსმა მოკლა რემუსი და ახალი ქალაქის მეფე გახდა. ქალაქს მისი სახელის მიხედვით „რომი“ დაერქვა. რომი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა. ის ჯერ რომის სამეფის დედაქალაქი იყო. მოგვიანებით რომის რესპუბლიკის დედაქალაქიც გახდა. ბოლოს იგი რომის იმპერიის ცენტრად იქცა. საუკუნეების განმავლობაში რომი მსოფლიოს ცენტრი იყო. მას მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ.

რომის პირველი საოცრება – ვატიკანია. ვატიკანი სახელმწიფოა, რომელიც ქალაქ რომში მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა. აქ 800–ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვატიკანი მსოფლიოს კათოლიკე ქრისტიანების მთავარი ეპარქიაა. სწორედ აქაა პაპის რეზიდენცია. წმინდა პეტრეს ტაძარი რომის სიამაყეა. ის ვატიკანში მდებარეობს. სიდიდით და მნიშვნელობით წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში პირველია. იგი 130 მეტრი სიმაღლისაა. ტაძარში ფრესკები და ხატები არ არის, აქ კედლები და გუმბათი მოზაიკითაა მორთული. წმინდა პეტრეს ტაძარში 60 000 ადამიანი ეტევა. მისი გუმბათი უდიდესი შემოქმედის – მიქელანჯელოს ნამუშევარია.

რომის უმნიშვნელოვანესი და უძველესი ნაგებობაა კოლიზეუმი. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 80 წელს აიგო. კოლიზეუმი უზარმაზარია. მასში 60 000 ადამიანი ეტეოდა, რომელიც გლადიატორების ბრძოლებს უყურებდა. გლადიატორებად ძველ რომში მებრძოლებს მოიხსენიებდნენ.

რომის უდიდესი ტრევის შადრევანი 1732–1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო. ის 25, 9 მეტრი სიმაღლისაა. არსებობს ლეგენდა, რომ თუ შადრევანში ჩააგდებ ერთ მონეტას, აუცილებლად დაბრუნდები რომში, ორი მონეტა – სასიყვარულო შეხვედრაა, სამი – ქორწილი, ოთხი – სიმდიდრე, ხუთი კი – განშორება. ყოველი წლის ბოლოს შადრევნიდან, დაახლოებით, 700 000 ევროს იღებენ. შადრევნის მარცხენა ნაწილში მდებარეობს „მიჯნურთა მილები“, ლეგენდის თანახმად, წყვილები, რომლებიც ამ მილებიდან დალევენ წყალს, სამუდამოდ ერთად იქნებიან. ტრევის შადრევანს ბევრ ცნობილ ფილმში წავაწყდებით. მაგ. „რომაული არდადეგები“, „ტკბილი ცხოვრება“.

 

 

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: