მეექვსე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #32)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #32)

ადამიანი ყოველთვის აკვირდებოდა ცას და უნდოდა სცოდნოდა, რა იყო დედამიწის მიღმა. კოსმოსში მოგზაურობაზე, მთვარის შესწავლისა და მარსზე დაჯდომაზე ბევრი ოცნებობდა. XX საუკუნეში  რაკეტები გამოიგონეს, რომლებსაც დედამიწის ზედაპირიდან მოწყვეტა და ცაში აფრენა შეეძლოთ. ამან შესაძლებელი გახადა კოსმოსში მოგზაურობა. 1961 წელს კოსმოსში პირველმა ადამიანმა იმოგზაურა. დღეისათვის კი იქ უკვე ათასობით კოსმოსური ხომალდი და ასობით ადამიანია ნამყოფი.

კოსმოსის შესახებ ცოდნა, ნაწილობრივ, უძველესი ცივილიზაციებიდან მომდინარეობს. ათასობით წლის წინ მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობას დროის დასადგენად იყენებდნენ.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, დედალოსმა და იკაროსმა ასაფრენად ცვილისა და ბუმბულისგან დამზადებული ფრთები გამოიყენეს. თუმცა, როდესაც იკაროსი მზესთან ზედმეტად ახლოს მივიდა, ცვილი დადნა და ის ჩამოვარდა.

მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტია. ამიტომაც, მთვარეზე მოგზაურობის შესახებ ბევრი გამოგონილი ამბავი არსებობს. XVII საუკუნის ერთ–ერთი ასეთი ამბის მიხედვით, ადამიანი მთვარემდე გარეულმა ბატებმა მიიყვანეს.

ადამიანები სულ უფრო მეტს იგებდნენ კოსმოსის შესახებ და ამ თემაზე უფრო მეტი ისტორიაც იქმნებოდა. XIX საუკუნეში მწერალი ჟიულ ვერნი წერდა ადამიანების შესახებ, რომლებიც მთვარეზე გიგანტური ქვემეხებიდან გასროლის შედეგად მოხვდნენ.

XVII საუკუნემდე ადამიანებს სჯეროდათ, რომ სამყაროში ყველაფერი დედამიწის გარშემო ბრუნავდა. იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არ არის.

კოსმოსი, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები მწერლების, პოეტებისა და მუსიკოსებისთვის შთაგონების წყარო იყო. 1916 წელს შვედმა კომპოზიტორმა გუსტავ ჰოლისტმა შექმნა საორკესტრო ნაწარმოები „პლანეტები“, 1964 წელს მომღერალმა ფრენკ სინატრამ სიმღერა „Fly Me to the Moon“ (გამაფრინე მთვარეზე) შეასრულა.

1930 – იანი წლებიდან 1950 – იანი წლების ჩათვლით მწერლებმა და მხატვრებმა ფანტაზიას გასაქანი მისცეს და კოსმოსის შესახებ ბევრი კომიქსი დაწერეს. მათში უცხოპლანეტელებიც ხშირად გვხვდებოდნენ.

1927 წლიდან კოსმოსში მოგზაურობაზე მეოცნებეთა კლუბები შეიქმნა გერმანიაში, აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში. ბრიტანული კლუბის წამყვანი ფიგურა მწერალი არტურ კლარკი იყო, რომლის იდეებმაც კოსმოსის კვლევაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კლარკმა გლობალური კომუნიკაციის მიზნებისთვის ხელოვნური თანამგზავრების გამოყენება იწინასწარმეტყველა. თავის წიგნებსა და სტატიებში მწერალი კოსმოსურ მომავალს აჩვენებდა. მისი ნაწარმოების მიხედვით 2001 წელს გადაიღეს ფილმი „კოსმოსური ოდისეა“.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: