მეექვსე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #23)

მსოფლიო საოცრებები (ნაწყვეტი #23)

ბერმუდის სამკუთხედი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ადგილია დედამიწაზე. ის მდებარეობს ატლანტიკის ოკეანეში აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მისი ფართობი 140 000 კვადრატული მილია. ამ ადგილს  „ატლანტიკის სასაფლაოს“ ან „ეშმაკის სამკუთხედს“ უწოდებენ. სწორედ ბერმუდის სამკუთხედს უკავშირდება უამრავი გემისა თუ თვითმფრინავის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება. დღეისთვის დაფიქსირებულია 140-ზე მეტი შემთხვევა და დაკარგულად ითვლება 1000 კაცზე მეტი. ამ იდუმალებით მოცულ რეგიონში ნავიგაციის სისტემა მწყობრიდან გამოდის, კომპასის ისრები კი საოცარი სისწრაფით ტრიალებს.

1872 წელს ნიუ-იორკიდან გავიდა შვიდკაციანი ეკიპაჟისგან შემდგარი  კარგად აღჭურვილი გემი „მარია სელესტა“. გემი მოულოდნელად დაიკარგა. გემი მოგვიანებით იპოვეს. საოცარი კი ის იყო, რომ მასზე ადამიანების გარდა ყველაფერი ხელუხლებელად დარჩენილიყო.

ამ უჩვეულო მოვლენების ასახსნელად უამრავი ჰიპოთეზა არსებობს: ერთ-ერთი თეორიის თანახმად, საჰაერო თუ საზღვაო ხომალდების გაუჩინარება მეკობრეთა თავდასხმებს უკავშირდება. ბერმუდის სამკუთხედის უცნაურობებს ხშირად უჩვეულო ამინდითაც ხსნიან. ამ თეორიის მიხედვით, ატლანტიკის რეგიონი ცნობილია შტორმებით, ქარიშხლებითა და საშინელი ამინდით. შტორმების დროს წარმოიქმნება დიდი ტალღები, ამას ემატება ოკეანის დინება და რაც მთავარია, ოკეანეს სიღრმეში მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი - პუერტორიკოს ღრმული. არსებობს მოსაზრება წყალქვეშა ვულკანის არსებობაზეც, რომელიც თითქოს იწოვს გემებს. ზოგი უცხოპლანეტელებს „ადანაშაულებს“. ერთ-ერთი თეორია კი გემების გაუჩინარებას წყალში ჩაძირული ქალაქის, ატლანტიდას მაცხოვრებლებს მიაწერს, თითქოს ისინი ითრეენ გემებს.

თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში კატასტროფები იმ სიხშირით ფიქსირდება, როგორც მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და მათი ახსნა მხოლოდ ბუნებრივი მიზეზებით შეიძლება. ამავე მოსაზრებას ემხრობა აშშ-ს სანაპირო დაცვაც. აშშ-ს  სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი საერთოდ არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა 10 ყველაზე სახიფათო რეგიონი დაასახელა, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვდა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: