მეექვსე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #21)

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #21)

ოდისევსმა იმდენი იმოგზაურა, რომ ერთი წიგნი მისი თავგადასავლის მოყოლას დასჭირდება; იმდენი იხეტიალა, რომ „ოდისეა“ მოგზაურობის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.

ტროას ომში გამარჯვებულმა ოდისევსმა შინ დაბრუნება დააპირა. ბოლოს და ბოლოს, ითაკის საქვეყნოდ ცნობილი მეფე იყო და სულ არ ეხალისებოდა უცხო ქვეყანაში წოწიალი. თანაც შინ ოცი წლის უნახავი და მონატრებული ცოლ-შვილი ელოდებოდა.

ოდისევსმა ცოლი მეტისმეტად უცნაურად შეირთო.

პენელოპე - ასე ერქვა მის მშვენიერ რჩეულს - პრიზის სახით გადაეცა გმირთაგმირს, არც მეტი არც ნაკლები, სირბილში გამარჯვებისთვის.

ოდისევსს ბედმა გაუღიმა!  - ცოლი ნამდვილად ღირსეული შეხვდა.

ულამაზესი პენელოპე ახლად შერთული ჰყავდა, როცა ტროას ომში საგმირო საქმეების ჩასადენად მოუხდა წასვლა. ათ წელიწადს ტროას კედლებთან იყურყუტა, იქიდან წამოსულს კი გზა აერია და კიდევ ათ წელიწადს აქეთ-იქით იხეტიალა. აბა, რაღა გასაკვირია, რომ უკან დაბრუნებული თავისმა გამზრდელმაც კი ძლივს იცნო.

ცოლი ოცი წლის განმავლობაში ერთგულად ელოდა ქმარს, თუმცა, აბა, ამდენ ხანს ლამაზ დედოფალს უყურადღებოდ ვინ დატოვებდა?!

- ოდისევსი მოკვდა! - გადაწყვიტეს აბეზარმა „სასიძოებმა“, იხუვლეს და პენელოპეს სასახლეში მოჯარდნენ. უამრავი ახალგამომცხვარი საქმრო თავისთვის იჩემებდა ულამაზეს ქალს.

არც ოდისევსის ვაჟის, ტელემაქეს აღშფოთებამ გაჭრა, არც ბავშვის გამზრდელის, ოდისევსის ერთგული მენტორის შეგონებამ. აქვე გეტყვი, რომ მენტორი დღესაც ჭკუის დამრიგებელს ნიშნავს...

გაბეზრებულმა პენელოპემ ხერხი იხმარა და გამოაცხადა:

- ჯერ თვალით უნახავ და ხელით არშექმნილ ნართს დავართავ, ქმარს გამოვიგლოვებ და შემდეგ თქვენ შორის ყველაზე ღირსეულს გავყვები ცოლად!

სხვა რა გზა ჰქონდათ. დაჰყაბულდნენ.

დღისით რომ თავაუღებლად ართავდა პენელოპე, ღამღამობით ჩუმ-ჩუმად არღვევდა; აბა, როგორ დაასრულებდა საქმეს?! ბრიყვი სასიძოებიც ისხდნენ და ელოდნენ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პენელოპემ თავისი ხელსაქმე იმდენი ხნით გაჭიმა და გაწელა, რომ ამასობაში ოდისევსმაც მიაღწია თავის სასახლეს.

სასიძოების თავგასულობით გაგულისებული გმირი დაუპატიჟებელ „სტუმრებს“ სასტიკად გაუსწორდა და სულ კუდით ქვა ასროლინა.

 

 

 

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: