მეექვსე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #19)

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #19)

აქილევსს მძიმე ბავშვობა ჰქონდა.

რა გაგიკვირდა? როგორც ყველა გმირი, ოდესღაც აქილევსიც ბავშვი იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, ოდესმე საქვეყნოდ სახელგანთქმული გმირი თუ გახდებოდა.

ქალღმერთმა თეტიდამ, აქილევსის დედამ, ეს ამბავი მშვენივრად იცოდა: ჯერ ერთი, გული უგრძნობდა და, მეორეც, იმ დროისათვის ყველაზე ცნობილმა წინასწარმეტყველმა უმარჩიელა:

- შენი ოქროსქოჩრიანი ვაჟი საბერძნეთის უდიადესი გმირი გახდება და ქალაქ ტროასთან დაასრულებს სიცოცხლეს.

შეშფოთებული თეტიდა შვილს ხან ჯადოქრული მალამოებით ზელდა, ხან გამოსაწრთობად ცეცხლში აწვენდა. უნდოდა, რომ ბავშვი არც ცეცხლს დაეწვა და არც მახვილს გაეკვეთა. ერთხელ ქუსლში ჩაავლო ხელი და მდინარე სტიქსში თავით ჩაჰკიდა. ამგვარად განბანილი უკვდავი იქნებაო, ფიქრობდა დედა.

ასეც იქნებოდა, ქუსლი რომ არ გამორჩენოდა. გმირს თავიც, კისერიც, გულ-მკერდიც, წვივ-ბარძაყიც, მხარ-მკლავიც, ბეჭ-ლავიწიცა და ნეკა თითებიც კი უზადო ჰქონდა. აი, ქუსლის საქმე კი ვერ იყო რიგიანად. კენჭი რომ მოხვედროდა, სიკვდილის პირას მიიყვანდა გმირს.

ბავშვი სუსტია, მომაგრება სჭირდებაო, და მიაბარეს კენტავრ ქირონს. იმ უძველეს დროში თუკი ვინმე ხეირიანი და რიგიანი გამოსულა, ყველა ამ ბრძენთაბრძენი ცხენკაცის გაზრდილი იყო.

მკაცრი, მომთხოვნი და წესრიგის მოყვარული აღმზრდელი თავის მოწაფეებს, ძირითადად, ლომის ღვიძლითა და დათვის ტვინით კვებავდა. ფეხშიშველა აღსაზრდელებს ირმებთან სირბილში აჯიბრებდა. არც იარაღის ხმარებისა და ცეკვა- სიმღერის შესწავლა ავიწყდებოდა.

ბრძოლისა და ვაჟკაცობის გამოჩენის დრომ რომ მოუწია, დედამ რა არ იღონა, სად არ გადამალა ბიჭი, მაგრამ ბედისწერას სად დაემალები?!

ფეხმარდი აქილევსი ისე ვაჟკაცურად იბრძოდა, ყოვლისმნახველ ღმერთებსაც კი უკვირდათ მისი თავგანწირვა. აქილევსის სიმამაცით აღტაცებულმა ჰეფესტომ ისეთი ფარი გამოუჭედა გმირს, რომ გამოთქმა აქილევსის ფარი უბადლო ქმნილების, შედევრის სინონიმად იქცა.

ვინ იცის, ყველაფერი იქნებ მშვიდობიანად ჩათავებულიყო, ტროას ომში თავგზაარეულ აქილევსს ღმერთ აპოლონისთვის რომ არ მოეღერებინა ხმალი. აპოლონის შიშით კი ძირს ჭიანჭველა ვერ გაივლიდა და მაღლა ფრინველი ვერ გაიფრენდა. შეურაცხყოფილმა აპოლონმა არ მოინდომა შერცხვენის ჩაყლაპვა და ოდესღაც დადებული პირობა - აქილევსს არაფერს გავუჭირვებო, - გატეხა და პარისის ისარი აქილევსის ქუსლისკენ მიმართა. ქუსლი კი აქილევსის ერთადერთი სუსტი წერტილი იყო.

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: