მეექვსე საფეხური
» ჯაფარა (ნაწყვეტი #4)

ჯაფარა (ნაწყვეტი #4)

დიდი დასვენება მძულს, თუმცა დევონმა მითხრა, რომ დასვენებას არაფერი სჯობს, და კარგი იქნება, ბოლომდე შევირგო, რადგან საშუალო სკოლაში ამხელა დასვენებები აღარ არის. თუმცა არ უსწავლებია, როგორ უნდა შევირგო ყოველი მხრიდან თავს დატეხილი ღრიალი, მუჯლუგუნები, სუნთქვის უკმარისობა და მუცლის საძაგელი, საძაგელი ტკივილი. ვდგავარ და ხელებს ფარივით ვიშველიებ, თვალები მოწკურული მაქვს, თითქმის დახუჭული, რომ არაფერი დავინახო.

მაგრამ ამაოდ, ვხედავ, ჯოში კვლავაც არავის აკარებს ატრაქციონის ძელს. ჯოში ჩემი კლასელი იყო, სანამ პარალელურ მეხუთეში გადაიყვანდნენ. მისის ბრუკმა თქვა, მისთვის ასე აჯობებსო. ჩემთვისაც ასე სჯობს. ადრე ჯოში მხოლოდ ხმაურიანი იყო, ახლა კი ბოროტიც გახდა. მამას აზრით, ეს იმისი ბრალია, რომ ჯოშის ბიძაშვილი დევონის სკოლაში ატეხილი სროლის ერთ-ერთი მონაწილეა. ერთი იმათგანი, ვინც პოლიციამ დანაშაულის ადგილზევე აიყვანა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დევონს ესროლა.

გული ყურისწამღებად მიბაგუნებს და მინდა, ხმამაღლა დავიგმინო, მაგრამ დევონი ამბობს, რომ სახალხოდ გმინვა, კივილი, ხელების ქნება, რწევა, მაგიდის ქვეშ შეძრომა და კოტრიალი არ შეიძლება. ცოტა რამ თუ არსებობს ისეთი, რისი გაკეთებაც საზოგადოებაში მიუღებლად არ ითვლება, მაგალითად, სიცილი ანდა ტაშის დაკვრაც კი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ დროსა და ადგილას, როცა დევონი მანიშნებს, მაშინ არის დაშვებული. ახლა უკვე ყველაფერი ამერია.

ჯოში პირდაპირ ჩემკენ მოემართება და იღიმება, გზად უილიამს ეჯახება, მის პირად სივრცეში იჭრება, და ის მიწაზე იშხლართება. სხვის პირად სივრცეში შეჭრა არ შეიძლება. განსაკუთრებით თუ ის უილიამია. უილიამი აუტისტია. ის ჩემს პარალელურ კლასში სწავლობს და ჩემსავით მისის ბრუკთან დადის ხოლმე.

ქალი, რომელიც უილიამს წამოდგომაში ეხმარება, ჯოშს ელაპარაკება. დოინჯი შემოურტყამს და თავს ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებს, ტანით კი წინ და უკან იხრება. ჩემი აზრით, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ქალი გაცოფებულია. ბოლოს ქალი თავისი გზით მიემართება და ჯოში მხრებს იჩეჩავს. ესე იგი ის აზრზეც ვერ მოვიდა, რას ერჩოდნენ. მე გადავწყვეტე დავხმარებოდი, რადგან კარგად გამომდის ადამიანების შველა, ასე რომ მისკენ გავეშურე.

- რა ჯანდაბა გინდა, შე დამთხვეულო?! - მომმართავს ჯოში და მე ვუხსნი, რაც მინდა.

- სხვის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრა.

- შენ ვინ გეკითხება?

არ ვიცი, რას გულისხმობს, ამიტომაც ვუმეორებ:

- სხვის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრა.

- აქედან გაეთრიე!

- არა, ეგ უზრდელობაა. უნდა თქვა, უკაცრავად...

- შენ რა, მეკაიფები? - დამღრიალებს ის.

- არა, უბრალოდ გასწავლი, ზრდილობიანად როგორ მოიბოდიშო.

- ამას შენი ძმის გამო აკეთებ, არა?

რატომ ახსენებს დევონს? მე ხომ უილიამის შესახებ გელაპარაკები?!

-  რა ჩემი ბრალია, თუ შენი ძმა მოკვდა!

- არაააააა! - მესმის კივილი და ვცდილობ, ამ ხმას შორს, შორს გავექცე, მაგრამ იგი ფეხდაფეხ მომდევს და მაშინღა ვხვდები, რომ თავად მე ვკივი.

ჯაფარა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქეთრინ ერსკინი