მეექვსე საფეხური
» ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #5)

ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #5)

ავგი ხუთისა რომ გახდა, ვიღაცამ დაბადების დღეზე კოსმონავტის ჩაფხუტი აჩუქა. ვინ - არ მახსოვს, მაგრამ ავგი იმ ჩაფხუტს თავიდან არ იხდიდა. ყველგან ეხურა. ყოველდღე. ვიცი, ხალხს ეგონა, იმიტომ ეხურა, სახის დამალვა უნდოდა და, ნაწილობრივ, იქნებ ეგრეც იყო, მაგრამ მე მგონი, უფრო იმიტომ ეხურა, მართლა უყვარდა კოსმოსი. ვარსკვლავები და პლანეტები. შავი ხვრელები. ყველაფერი, რაც „აპოლონის“ მისიებთან იყო დაკავშირებული. ყველას ეუბნებოდა, როცა გავიზრდები, ასტრონავტი უნდა გავხდეო. თავიდან ვერ დავამუღამე, რად ჩაითრია ასე ამ ამბავმა. მაგრამ მერე, ერთ შაბათს თუ კვირას, დედებმა ბუნებისმეტყველების მუზეუმის პლანეტარიუმში წაგვიყვანეს და აი, იქ იყო, რომ მეც ჩამითრია. სწორედ იქ დაიწყო ის, რასაც „ჩვენი კოსმოსური ფაზა“ დავარქვით.

მე და ავგის მანამდე ბლომად ფაზები გვქონდა გავლილი. ფუმფულა სათამაშოების. რობოტების. დინოზავრების. ნინძების. ვაჟკაცი რეინჯერებისა (ახლაც მაგრად მიყვარს). მაგრამ იქამდე ისე არაფერს გავუტაცებივართ, როგორც კოსმოსურ ფაზას. ყველა დივიდი ვნახეთ, რასაც კი სამყაროს შესახებ მივაგენით. კოსმოსური ვიდეოები. სურათებიანი წიგნები ვათვალიერეთ ირმის ნახტომზე. სამგანზომილებიანი მზის სისტემები დავამზადეთ. კოსმოსური ხომალდების მოდელები ავაგეთ. საათობით ვთამაშობდით გამოგონილ თამაშებს, ვითომ შორეულ კოსმოსში რაღაც მისიებს ვასრულებდით ან პლუტონზე ვეშვებოდით. ყველაზე მეტად იქ გამგზავრება გვიყვარდა. პლუტონი ჩვენთვის პლანეტა ტარუინად იქცა.

ისევ იმ ჩვენს კოსმოსურ ფაზაში ვიყავით ჩაყურყუმელავებულები, ჩემი მეექვსე დაბადების დღე რომ მოახლოვდა. მე და ავგი სიხარულით აღარ ვიყავით! „სფეისშოუს“ ახალი სერია იყო გამოსული და ჯერ არ გვენახა. მთელი კლასი მივიპატიჟე. ზეკი და ალექსიც, რა თქმა უნდა. ვიაც კი დავპატიჟე, ოღონდ ვერ მოდიოდა, იმიტომ, რომ ზუსტად იმ დღეს სხვა დაბადების დღეზე მიდიოდა.

მაგრამ მერე, ჩემი დაბადების დღის დილას, დედას იზაბელმა (ავგის დედა) დაურეკა და უთხრა, მე და ნეიტს (ავგის მამა) საავადმყოფოში გვყავს წასაყვანიო.

აუ, როგორ გამიტყდა! მაგრამ თურმე ჯერ სად ვიყავი: დედამ მითხრა, იზაბელმა მთხოვა, ქრისის დაბადების დღეზე წასვლამდე ვიას ხომ ვერ მიიყვან თავისი მეგობრის დაბადების დღეზეო.

დედას ჩემთვის არაფერი უკითხავს, ისე დაჰპირდა, აბა რა, ოღონდ რამე შეგვეძლოს და როგორ არ დაგეხმარებითო. თუმცა, ეს იმას ნიშნავდა, შეიძლება, ჩემს დაბადების დღეზე ცოტათი დაგვიანებოდა.

- არ შეიძლება, ვია ნეიტმა წაიყვანოს იმ სხვა დაბადების დღეზე? - ვკითხე დედას.

- არა, იმიტომ რომ იმას და იზაბელს ავგი საავადმყოფოში მიჰყავთ. არა უშავს, ქრის. ვიას ტაქსით გავიყვან და მერე მატარებელს შევახტები.

- ჰო, მაგრამ სხვა ვინმე ვერ წაიყვანს ვიას? რაღა მაინცდამაინც შენ?

- იზაბელს არ სცალია, სხვების დედებს ურეკოს, ქრის! ჰოდა, თუ ვიას ჩვენ არ წავიყვანთ, იმასაც იმათთან ერთად მოუწევს საავადმყოფოში წასვლა. არადა, საწყალ ვიას ისედაც იმდენი რამის გაცდენა უხდება...

- დე! - შევაწყვეტინე, - ვია რაში მადარდებს! მე ის მინდა, რომ ჩემს დაბადების დღეზე არ დაგვაგვიანდეს!

- ქრის, რა გინდოდა, უარი მეთქვა? ჩვენი მეგობრები არაინ. იზაბელი ჩემი ახლო მეგობარია, ისე როგორც ავგი - შენი ახლო მეგობარი. და როცა ახლო მეგობრებს ვჭირდებით, რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ, ხომ? მარტო მაშინ ხომ არ უნდა გვინდოდეს მეგობრები, როცა გვაწყობს? მეგობარმა მეგობრისთვის თავი უნდა შეიწუხოს. 

ავგუსტი და მე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ. ჯ. პალაციო