მეექვსე საფეხური
» ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #4)

ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #4)

არ მახსოვს, ზუსტად როდიდან აღარ დადიოდნენ ჩემთან და ავგისთან ზეკი და ალექსი. მე მგონი, დაახლოებით იმ დროიდან, ბაღში რომ დავიწყეთ სიარული.

მანამდე ლამის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. დედაჩვენებს, როგორც წესი, ავგის სახლში მივყავდით ხოლმე, წამდაუწუმ ავად იყო და გარეთ ვერ გამოდიოდა. არა, რამე გადამდები არ სჭირდა, მაგრამ სულ რაღაც ისეთი იყო, გარეთ ვერ გავიდოდა. თუმცა, ჩვენ ძალიან გვიყვარდა ავგისთან მისვლა. ავგის დედამ და მამამ სარდაფის სართული უშველებელ სათამაშო ოთახად მოაწყვეს. მოკლედ, იქაურობა სათამაშოების მაღაზია გეგონებოდათ. სამაგიდო თამაშები, მატარებლები, საჰაერო ჰოკეი და მაგიდის ფეხბურთი, კიდეში მინიბატუტიც კი ედგათ. ზეკი, ალექსი, მე და ავგი საათობით დავქროდით აქეთ-იქით, მთელი დღეები მანათობელი ხმლების ქნევაში ვიყავით და კალათბურთელებივით ბურთის ტარებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ბუშტებით ბრძოლებს ვმართავდით. მუყაოს აგურებით ვეებერთელა მთებს ვაგებდით და ზვავობანას ვთამაშობდით. დედაჩვენები ოთხ მუშკეტერს გვეძახდნენ, იმიტომ, რომ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

თუმცა, ბაღში რომ წავედით, ზაკმა და ალექსმა სათამაშოდ სხვა ბავშვებთან დაიწყეს სიარული. ერთი-ორჯერ ვცადეთ, ყველანი ერთად გავრთობილიყავით. მაგრამ იმათ ახალ ძმაკაცებს ემჩნეოდათ, რომ თვალებში არ მოვდიოდით. სკოლაში მეც გავიჩინე ახალი მეგობრები, მაგრამ ავგისთან ძმაკაცობა არ შემიწყვეტია. ისე, მეორე მხრივ, ავგისა და ახალ მეგობრებს ერთად არ ვხვდებოდი, იმიტომ, რომ, ხომ გესმით, მეგობრების ერთმანეთში არევ-დარევამ შეიძლება კარგ ვითარებაშიც არ გაამართლოს.

სხვათა შორის, ავგისაც ჰყავდა თავისი მეგობრები. ისე, მე კი გავიცანი ავგის ერთი მეგობარი. ჰადსონი ერქვა. სულ სხვანაირი სინდრომი ჰქონდა, ისეთი არა, როგორიც ავგის. როცა ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ, ერთი-ორი დღე ავგის სახლში ცხოვრობდნენ. ჰადსონიც ჩემი და ავგის ხელა იყო. მახსოვს, პოკემონებზე გიჟდებოდა.

ასე იყო თუ ისე, იმ დღეს იმასთან და ავგისთან ერთად ნორმალურად გავატარე დრო, თუმცა, პოკემონები გულზე არ მეხატებოდა. მაგრამ მერე სასადილოდ წავედით ერთად და აი, იქ დამერხა. არც კი მჯეროდა, იმდენი ხალხი გვაშტერდებოდა! საერთოდ, როცა მარტო მე და ავგი ვიყავით ხოლმე, ხალხი მას უყურებდა და მე ვერც კი მამჩნევდა. ამას მიჩვეული ვიყავი. მაგრამ როცა ჰადსონიც იქ იყო, რაღაც მიზეზით ყველაფერი ათასჯერ უფრო გაუარესდა. ხალხი ჯერ ავგის აცქერდებოდა, მერე ჰადსონს და მერე, ავტომატურად, მე; თითქოს აინტერესებდათ, ნეტავ ამას რაღა სჭირსო. ერთი თინეიჯერი ისე მომშტერებოდა, თითქოს ცდილობდა მიმხვდარიყო, რა მქონდა სახეზე უადგილო ადგილას. მაგარი გამაღიზიანებელი იყო!

მეორე დღეს, რაკი ვიცოდი, ჰადსონი ჯერაც არ წასულიყო, ლურდს ვთხოვე, მოდი გაკვეთილების შემდეგ ავგისთან კი არა, ზეკის სახლში წავიდეთ სათამაშოდ-მეთქი.

საბოლოოდ, იმ დღეს ზეკის სახლში მაგრად გავერთე. ალექსიც მოვიდა და ვერანდაზე სამივემ „ოთხი კვადრატი“ ვითამაშეთ. თითქოს მართლაც ძველი დრო დაბრუნდა იმის გამოკლებით, რომ ავგი არ იყო ჩვენთან ერთად. მაგრამ მაინც კარგი იყო. არავინ გვაშტერდებოდა. უხერხულად არავინ გრძნობდა თავს. არავის ეშინოდა. ზეკთან და ალექსთან ყოფნა ადვილი იყო. აი, მაშინ მივხვდი, რატომ აღარ გვემეგობრებოდნენ. ავგისთან მეგობრობა ხანდახან ძნელია.

ბედად, ავგის არ უკითხავს, იმ დღეს რატომ არ მოხვედიო. კიდევ კარგი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.

 

ავგუსტი და მე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ. ჯ. პალაციო