მეექვსე საფეხური
» ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #3)

ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #3)

- ერთ დილით სკოლაში ვიღაც კაცმა მოირბინა. ვიცნობდი. ყველა იცნობდა. მაკი იყო - ასე ეძახდნენ ფრანგ პარტიზანებს. იცი, რას ნიშნავს? გერმანელებს ებრძოდა. სკოლაში შემოვარდა და მასწავლებლებს უთხრა, გერმანელები მოდიან, ებრაელი ბავშვები უნდა წაიყვანონო. რაო? რა უნდა ქნანო? ყურს არ ვუჯერებდი! მასწავლებლებმა ყველა კლასი შემოიარეს და ებრაელი ბავშვები შეაგროვეს. გვითხრეს, მაკის ტყეში გაჰყევითო. იქ უნდა დავმალულიყავით. ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! მე მგონი, ათნი ვიქნებოდით. ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თავს ვუშველოთ!

ბებომ შემომხედა, აინტერესებდა, ხომ ვუსმენდი. ვუსმენდი რომელია!

- იმ დილით თოვდა და ძალიან ციოდა. მე მარტო იმას ვფიქრობდი, ტყეში რომ ვიარო, ფეხსაცმელები გამიფუჭდება-მეთქი. ახალი, ლამაზი წითელი ფეხსაცმელები მეცვა, მამას ნაყიდი. ისიც კი არ მიფიქრია, დედა და მამა სად იქნებოდნენ. გერმანელები თუ ებრაელი ბავშვების წასაყვანად მოდიოდნენ, მშობლები ხომ უკვე წაყვანილები ეყოლებოდათ? ეს ფიქრადაც არ მომსვლია. ფეხსაცმელების მეტი არაფერი მადარდებდა. ჰოდა, იმის მაგივრად, მაკის ტყეში წავყოლოდი, ჯგუფს შუმჩნევლად ჩამოვრჩი და სკოლის სამრეკლოში დავიმალე. მერე გერმანელებიც მოვიდნენ, სამრეკლოს ერთი ვიწრო სარკმელი ჰქონდა და მშვენივრად დავინახე. ვუყურებდი, როგორ შეესივნენ ტყეს ბავშვების საძებრად. მათ საპოვნელად დიდი ხანი არ დასჭირვებიათ. ყველანი ერთად მობრუნდნენ გერმანელები, ბავშვები და მაკი ჯარისკაცი... მერე რაღაც ჭრიალი მომესმა, ჯულიან. ზემოთ, კიბეზე, ფეხის ხმა გავიგონე, ვიღაც მიახლოვდებოდა. ჰოი, როგორ შემეშინდა! რაღაც ყუთის უკან შევიკუნჭე, რაც შემეძლო მოვიკრუნჩხე, პატარა გამოვჩნდე-მეთქი და თავზე საბანი გადავიფარე.

აქ ბებომ მკლავები თავზე დაიფარა, რომ ენახვებინა, როგორ იმალებოდა.

- და მერე გავიგონე, ვიღაცამ ჩურჩულით დამიძახა სახელი, კაცის ხმა არ იყო, ბავშვი მეძახდა.

„სარა!“ ისევ წაიჩურჩულა ხმამ.

საბნის ქვეშიდან გამოვიჭყიტე.

„ტურტიე!“ გავეპასუხე გაოგნებული. ასე იმიტომ გამიკვირდა, რაც ვიცნობდი, იმ წლების მანძილზე მგონი, ერთი სიტყვაც არ მეთქვა მისთვის და არც მას ჩემთვის. არადა, სწორედ ის იყო და სახელს მეძახდა.

- აქ გიპოვიან, მე გამომყევი.

და გავყევი. გავყევი იმიტომ, რომ უკვე შიშს ვყავდი ატანილი. მთელ ღამეს ვიარეთ. იცი, როგორ მციოდა, ჯულიან! ტურტიე ისეთი კეთილი ბიჭი იყო, ადგა და თავისი პალტო მომცა. დღემდე ასე კეთილშობილურად არავინ მომქცევია. თვითონაც იყინებოდა, მაგრამ მაინც მომცა პალტო. ძალიან შემრცხვა, რომ ასე ცუდად ვექცეოდი.

თავის სახლში მიმიყვანა, ჭასთან დავსუფთავდით და მერე სახლის უკან, ბოსელში გავედით. იქ ცხენის ჩულში გამახვია და მითხრა, დაიცადეო. მშობლებისთვის უნდა გაეგებინებინა ჩემი ამბავი.

- შევეხვეწე, არ ეთქვა. ძალიან შეშინებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მნახავენ, ვაითუ გერმანელებს დაუძახონ-მეთქი. მე ხომ იმ ხალხსაც არ ვიცნობდი.

მაგრამ ტურტიე მაინც წავიდა და რამდენიმე წუთში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ალბათ, ძალიან შესაბრალისი ვიყავი - გალუმპული და აკანკალებული. დედამ, ვივიენმა, ჩამიხუტა და მომეფერა.

 

ავგუსტი და მე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ. ჯ. პალაციო