მეექვსე საფეხური
» ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #2)

ავგუსტი და მე (ნაწყვეტი #2)

ივნისში მე, დედა და მამა პარიზში წავედით.

საერთოდ, ბებოსთან ყოფნა მიტყდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა უარზე არ ვიყავი. ვიცოდი, დედაჩემისა და მამაჩემის წასვლის შემდეგ, შემეძლო მთელი დღეები პიჟამით გამეტარებინა, „ჰალოს“ ომები მეთამაშა და ბებო ასი წელი არ ინაღვლებდა. მოკლედ, რაც მომეხასიათებოდა, იმას ვაკეთებდი.

ბებო ტიპური ბებია არ არის. არც ნამცხვრებს მიცხობს და არც ჯემპრებს მიქსოვს. მამაჩემი ამბობს, „პიროვნებააო“. ოთხმოცს გადაცილებულია, მაგრამ მაინც ფეშენ მოდელივით იცვამს. სუპერელეგანტურია. არც მაკიაჟს იკლებს და არც სუნამოს. მაღალქუსლიანებით დადის. დღის ორ საათამდე სძინავს და მერე ორ საათს ჩაცმას ანდომებს. როცა ადგება, ან საყიდლებზე მივყავარ ან მუზეუმში ანდა ძვირფას რესტორანში. ბავშვებთან ლოლიავი არ უყვარს. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მაგალითად, ჩემთან ერთად საბავშვო ფილმს ასი წელი არ უყურებს. ჰოდა, საბოლოოდ, ბლომად ისეთი ფილმები ვნახე, ჩემი ხნის ბავშვს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ნაყურები. დედას რომ გაეგო, შიგადაშიგ რა ფილმებზე დავყავდი ბებოს, ბალისტიკური რაკეტასავით აფეთქდებოდა. მაგრამ ბებო ფრანგია და იტყვის ხოლმე, დედაშენი და მამაშენი ზედმეტად ამერიკელები არიანო.

თანაც, ბებო თავის დღეში არ მელაპარაკება, როგორც ბავშვს, უფრო პატარა რომ ვიყავი, მაშინაც კი არ მომმართავდა ბავშვური სიტყვებით, როგორც უფროსები ელაპარაკებიან ლაწირაკებს.

ერთხელ ბებომ თავისი ამბავი მიამბო:

- პატარაობაში ძალიან პოპულარული გოგო ვიყავი, ჯულიან, ბევრი მეგობარი მყავდა. ლამაზი ტანსაცმელი მქონდა. დიდი ქარაფშუტა ვინმე ვბრძანდებოდი, განებივრებული. როცა საფრანგეთში გერმანელები შემოვიდნენ, ვერც კი შევამჩნიე. ვიცოდი, ჩემი სოფლიდან ზოგი ებრაული ოჯახი მიდიოდა.  ჩემს სკოლაში ერთი ბიჭი იყო, სახელად... მოკლედ, სახელად ტურტიეს (კიბოს) ეძახდნენ. პოლიომიელიტი სჭირდა. გაღუნული ფეხები და მთლად მიგრეხილ-მოგრეხილი ზურგი ჰქონდა. ორი ყავარჯნით დადიოდა. ჰო, ზურგიც ჰქონდა, მე მგონი, სწორედ მაგიტომ ეძახდნენ ტურტიეს, გარდიგარდმო დადიოდა, როგორც კიბორჩხალა.

გამახსენდა, პირველად რომ ავგუსტს ზურგს უკან „დეფექტური“ დავუძახე. ბოლოს და ბოლოს, პირში ხომ მაინც არასოდეს მითქვამს!

ბებო მოყოლას განაგრძობდა. უნდა გამოვტყდე: დიდად არ მაინტერესებდა მისი მოყოლილი გრძელ-გრძელი ისტორიები, ამ ამბავმა კი დამაინტერესა.

- ტურტიე ერთი ბიჭუნა იყო, ძვალი და ტყავი. არც ერთი არ ველაპარაკებოდით. მის გვერდით როგორღაც უხერხულად ვგრძნობდით თავს. იცი, რა ძალიან განსხვავდებოდა ჩვენგან! ზედაც არ ვუყურებდი! მეშინოდა, შეხედვისაც მეშინოდა და დალაპარაკებისაც. მეშინოდა, შემთხვევით არ მომეკაროს-მეთქი. ის უფრო მეადვილებოდა, თავი ისე დამეჭირა, ვითომ არც არსებობდა.

ღვინის კარგა დიდი ყლუპი მოსვა.                 

 

 

 

 

 

 

 

 

ავგუსტი და მე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ. ჯ. პალაციო