მეექვსე საფეხური
» ჯაფარა (ნაწყვეტი #2)

ჯაფარა (ნაწყვეტი #2)

-  სალამი, კეიტლინ, -ალერსიანად მესალმება მისის ბრუკი.

მე კოლაჟს შევცქერი და თავს ვუქნევ. თვალებში არ ვუყურებ, მაგრამ ვახვედრებ, რომ ვუსმენ.

-  აბა, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?

- თითქოს ვიდეოჩანაწერს ვუყურებდე.

 მისის ბრუკი მაგიდას ეყრდნობა და ჩემკენ იხრება, თუმცა ჩემს პირად სივრცეს არ არღვევს. იცის, თუ ძალიან ახლოს მომიტანს სახეს, პირდაპირ მივახლი, რომ უკან დაიწიოს.

-  გამიმეორე, თუ შეიძლება.

-  თითქოს ვიდეოჩანაწერს ვუყურებდე.

-  ეს რას ნიშნავს?

- აი, მგონია, რომ ყველა ცუდი კადრი სწრაფად გადავახვიე, ახლა რაღაცას ვუყურებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ განვითარდა მოვლენები აქამდე.

- აჯობებს, დაივიწყო ყველა ის უსიამოვნება, რომლის გადატანაც მოგიხდა. ალბათ, დაკრძალვაზე ძალიან გაგიჭირდა.

ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. ეკლესიაში ვისხედით. სულაც არ მიჭირდა. იქაურობა ხმაჩაწეულ ვიდეოჩანაწერს ჰგავდა. ყველა ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, მათი ჩურჩული ძლივს მესმოდა. მე თითქმის არავინ მცემდა ხმას. მართალია, შემომცქეროდნენ, რაც დიდად არ მეპიტნავება და ზოგიერთი იმასაც კი ცდილობდა, შემხებოდა, რაც ჭირივით მძულს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საუბრის გაბმა არავის დაუპირებია, არც ვინმეს სიცილი წკრიალებდა დამსხვრეული შუშასავით და საერთოდაც მოულოდნელი არაფერი ხდებოდა.

- ვიცი, რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჯობს, გულში არაფერი ჩაიტოვო, - ის ჩუმდება, თუმცა დროებით, - დაკრძალვაზე იტირე?

მე თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად. დაკრძალვაზე ბევრი უფროსი აფრქვევდა ცრემლებს, თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ. მათ უმრავლესობას თვალითაც არ უნახავს დევონი. ახლა იმაზე დავფიქრდი, ნეტავ მამა თუ ტიროდა-მეთქი და უნებლიედ წარმოვთქვი:

-  მამა ტიროდა.

- შენ ამის გამო განერვიულდი?

- არ მესიამოვნა.

- რატომ?

- არ ვიცი.

- შეგეცოდა მამაშენი?

- არ ვიცი.

მინდა, რამე განსხვავებული ვუპასუხო. დევონი მაფრთხილებდა, რომ ადამიანებს ეს ჩემი „არ ვიცი“ დიდად არ ეხატებოდათ გულზე. მენატრება დევონი. მინდა ძველებურად იყოს ყველაფერი. ზუსტად ისე, როგორც იყო. ბატიბუტსა და ცხელ შოკოლადს მიმზადებდეს; მეუბნებოდეს, როგორ მოვიქცე და რა ჩავიცვა, რომ ბავშვებმა ჩემი უცნაურობების გამო მასხრად არ ამიგდონ; მინდა კალათბურთს მეთამაშებოდეს; ყოველთვის ცდილობდეს, მომაგებინოს. ხან წაიფორთხილებდეს, ხან ფეხს მოითრევდეს, ხანაც, როცა ვთაღლითობ, სხვაგან იყურებოდეს. საკმარისია, მის პირს შევხედო, მაშინვე ვხვდები, რას აკეთებს განზრახ. როცა ფიქრობს, ტუჩებს მაგრად კუმავს; როცა თვალთმაქცობს, პირის კუთხეები ეკეცება. თუმცა მხოლოდ იმიტომ თვალთმაქცობს ხოლმე, რომ მე მასიამოვნოს.

ჯაფარა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქეთრინ ერსკინი