მეექვსე საფეხური
» ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #3)

ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #3)

- წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მიმეწვდინა წერილი ცირკისთვის, მაგრამ წერილის წერის დასრულებიდან რამდენიმე საათში ფანჯარაში შიკრიკი შემოფრინდა.

- რაო? რაო? თქვი, შემოფრინდაო?

ბაბუას გულიანად გაეცინა.

- ჰო, მიკა. უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, არა? აშკარაა, სინათლის მომთვინიერებელი ფოსტისთვის თუთიყუშს იყენებს. მან მითხრა, სატელეფონო ზარების მიღება მირჩევნიაო, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, ეს გამოუვიდეს. მე, რასაკვირველია, რაღაც  ფანტასტიკურს ველოდი.

-  სატელეფონო ზარებიო? - მიკამ ნიკაპი მოიქექა, - ეს... როგორი.. მაგარია!

ბიჭმა ოთახი მოათვალიერა და მიხვდა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო. ეს არ იყო ოთახი, რომელშიც ავადმყოფი ბაბუა ეფრაიმი იწვა. აქ ბაბუა გამოჯანმრთელების გზას ადგა. ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივებიც კი უფრო კაშკაშა ეჩვენებოდა.

- და ეს... საფოსტო თუთიყუში... წაუღებს სინათლის მომთვინიერებელს შენს წერილს? ეტყვის, რომ შენთან მოვიდეს?

- ჰო, - უპასუხა ბაბუამ, - იმედი მაქვს, მომთვინიერებელი თანახმა იქნება, რომ დაგვეხმაროს.

მიკა ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ეთქვა უარი სინათლის მომთვინიერებელს. ბაბუას მონაყოლ ყოველ ამბავში იგი ძალზე ძლიერი ჯადოქარი იყო, კეთილი ჯადოქარი და, რაც მთავარია, მას პირობა ჰქონდა მიცემული.

- გგონია, რომ აქ ჩამოსასვლელად დიდი დრო დასჭირდება? - იკითხა მიკამ.

პაპიდა გერტრუდას ალბათ მეორე საძინებლიდან გამობარგება მოუწევდა, რათა ოთახი სტუმრისთვის დაეთმო, და მიკას გარეშე არიზონაში დაბრუნებაც ძალზე გაახარებდა. სწორედ წინა დღეს ამბობდა, როგორ გაუჭირდებოდა, თავის ბინაში ბიჭისთვის ოთახი გამოენახა.

...

შიკრიკს სახელად ჩიჩი ერქვა. ის ცირკ მირანდუსში მანამდე დაბრუნდა, სანამ ცაზე შუადღის მზე აკაშკაშდებოდა. ყურადღება არ მიუქცევია ბავშვების აღფრთოვანებული შეძახილებისთვის, რომლებმაც ის მაშინ შეამჩნიეს, როდესაც  ტყვიასავით სწრაფად ჩაიქროლა და შავ-ოქროსფერი კარვისკენ დაეშვა.

- ეს უბედური წვიმა! - დაჰკივლა მან, როცა საკუთარ ქანდარაზე წამოსკუპებულმა უსაფრთხოდ დაიგულა თავი.

წვრილი წითელი ბუმბულები შეიბერტყა და თვალი მიაპყრო კაცს, რომელიც სინათლეს ათვინიერებს. მთელი ამ საუკუნეების მანძილზე ოდნავაც არ შეცვლილიყო - ქვიშისფერი თმა ჩიტის ბუდესავით ასწეოდა, დაგლეჯილი ტყავის ლაბადა მიწაზე დასთრევდა. ცხვირი მაგარი ჰქონდა, თითქმის ისეთივე მაგარი, როგორიც ჩიჩის ნისკარტი იყო.

- მოგიტანე წერილი ბავშვისგან, რომელმაც შენი წარმოდგენა ნახა. არა, მთლად ასე არაა: ის ბავშვი აღარაა. გაიზარდა.

კაცმა, რომელიც სინათლეს იმორჩილებს, კოპები შეკრა.

- წერილი დიდისგანაა?

- ვერ წარმოიდგენ, რა ამბავია, - დაუდასტურა ჩიჩიმ, - უსერიოზულესი, -  ჩიჩიმ იმის ხაზგასასმელად, რომ ამბავი მართლაც სერიოზული იყო, მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა და ეფრაიმის წერილი ზეპირად ჩამოარაკრაკა.

როცა დაასრულა, კარავში დიდი ხნით ჩამოწვა სიჩუმე.  ჩიჩიმ ისევ ჩაახველა და თქვა:

- შენი სახელი შეამოკლა - „სინათლის მომთვინიერებელი“ გიწოდა. ჭკვიანურია; ბევრად თანამედროვე.

- ეფრაიმ ტიტლი, - ჩაილაპარაკა კაცმა, - აი, ამას კი აღარ ველოდი...

- ვინ არის? ისე უვლიან, როგორც ბატს გუბურაში, მე თუ მკითხავ... ისეთი არაა, როგორებთანაც ჩვენ გვაქვს ხოლმე საქმე.

- ის ბავშვია, რომელიც ოდესღაც ცირკმა მირანდუსმა იხმო. უფრო სწორად, იყო ბავშვი და დანარჩენების ფონზე მართლაც გამოირჩეოდა,- კაცმა თავის გრძელ თითებს დახედა და ტუჩები ღიმილმა გაუპო, - მან მე მაგიური ფოკუსი მიჩვენა. იცი, ეფრაიმს რა სასწაული სურს?

- ზუსტად არ ვიცი; შენთან საუბარი სურს. მგონი ... - ჩიჩიმ თვალი აარიდა.

- რა მოხდა?

- ძალიან მოხუცია, და მგონი, სიკვდილის პირასაა.

კაცი, რომელიც სინათლეს ათვინიერებს, შეკრთა.

- კვდება? მერედა, რაიმე შეუძლებელი რომ უნდოდეს?

- ეს შენი პრობლემაა, არა? არც კი ვიცოდი, რომ ბავშვებს თავიანთი კუთვნილი სასწაულების შენახვა შეეძლოთ. აქამდე არ მსმენოდა.

- ეფრაიმამდე არავის უთხოვია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ხანს დამიცდიდა. თითქმის დამავიწყდა, - კაცი ჩიჩის წინ სცემდა ბოლთას, - უნდა დაველაპარაკო მისტერ ჰედს.

ცირკი მირანდუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქესი ბიზლი