მეექვსე საფეხური
» ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #2)

ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #2)

მიკამ როცა შეიტყო, ბაბუამისის და მათთან ჩამოსვლას აპირებდა, იფიქრა, ბაბუა ეფრაიმივით დიდებული ადამიანი იქნებოდა. იმედოვნებდა, მასაც მოვეწონებიო. იმასაც ფიქრობდა, რომ სახლი ძველებურად გამოყრუებული აღარ იქნებოდა. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პაპიდა გერტრუდას თვალში არ მოსდიოდა არაფერი, რაც მის ძმას უყვარდა, მათ შორის, არც ათი წლის ბიჭები.

მიკამ ჩაისფინჯნებიანი ლანგარი აიღო და კარისკენ წავიდა.

პაპიდამ გზა გადაუღობა.

- ნეტავ სად მიბრძანდები?

მიკამ სცადა, ღიმილით ეპასუხა:

- ზემოთ, ჩაის დასალევად.

- მე კი ასე არ ვფიქრობ. აქ დაჯდები - ადგილზე, სადაც არაფერს დააშავებ.

მიკა მოიღუშა. ნეტა როდის რას აშავებდა.

- მაგრამ ბაბუა ეფრაიმს ხომ ჩაის დროს ვნახულობ ხოლმე?

ქალმა ამოიქშინა.

- ეფრაიმი ძალზე გადაღლილია და, ჩემი აზრით, ხშირი ვიზიტებით გული არ უნდა გაუწყალო.

- დღეს ხომ უკეთ გრძნობდა თავს! ჩემთვის აპირებდა, მოეყოლა... უბრალოდ, არ გინდათ, რომ მას ველაპარაკო, რადგან...

- რადგან არ მინდა მძიმე ავადმყოფი შეაწუხო. და კიდევ იმიტომ, რომ ნამდვილად არ გჭირდება ყურების სისულელეებით გამოჭედვა, მით უმეტეს, ბაბუაშენის მონათხრობი სისულელეებით.

როცა ბოლოს და ბოლოს პაპიდა გერტრუდა ბაბუას საძინებლიდან გამოვიდა, ბიჭი ბაბუა ეფრაიმის ოთახში შესხლტა და ერთი თვალის გადავლებით მოათვალიერა იქაურობა.

მიკა სიამოვნებით დააკვირდა თავისი მშობლების ქორწინების სურათებს. ისინი, როცა მიკა ჯერ კიდევ ოთხი წლისა იყო, ნავით სეირნობისას დაიღუპნენ, სურათები კი ბიჭს მათი სახეების გახსენებაში ეხმარებოდა. მაგრამ მიკას ყველაფერს მაინც მისი და ბაბუას ერთად გადაღებული სურათები ერჩივნა.

ბოლო ხანებში ბაბუა ძველებურად როდი გამოიყურებოდა. ღიმილი ადრინდელივით თბილი ჰქონდა, მაგრამ მოხუცი ძალზე გამხდარიყო და ლოგინში ამდენი წოლისაგან ფერიც სულ წასვლოდა. როცა მიკამ ოთახში შეაბიჯა, ბაბუა ფანჯარაში გამოსახულ პეიზაჟს გასცქეროდა.

- ოჰ, აი, შენც მოსულხარ, მიკა. ჩვენ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ, შენ და მე.

ჩემი ერთი ძველი მეგობრისთვის წერილი დავწერე, - თქვა ბაბუა ეფრაიმმა და ბიჭს წერილი წააკითხა.

მიკას სინათლის მომთვინიერებლის დაპირებაზე ორიოდე სიტყვით გაეგო. ამით სრულდებოდა ბაბუას მოყოლილი ამბები, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარი იყო!

- არ მესმის... ცირკი მირანდუსი ხომ..

- ნამდვილი არაა? - წყნარად თქვა ბაბუა ეფრაიმმა, - მაგრამ არის. ეს ყველაზე მართალი რამეა ამქვეყნად და ვწუხვარ, აქამდე რომ არ მითქვამს შენთვის.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე მიკას თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა. ბაბუა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ნამდვილად არ იხუმრებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ... ჯადოსნობა რეალურად არსებობდა. და მეტიც: ნამდვილმა ჯადოქარმა მის ბაბუას პირობა მისცა. ამის შემდეგ მიკა მარტო როგორღა იქნებოდა? სინათლის მომთვინიერებელი ბაბუას გადაარჩენდა და სამყაროში ყველაფერი კვლავ თავის ადგილზე დადგებოდა.

ცირკი მირანდუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქესი ბიზლი