მეექვსე საფეხური
» საოცრება (ნაწყვეტი #4)

საოცრება (ნაწყვეტი #4)

ავგუსტი მზეა. მე, დედა და მამა პლანეტები ვართ და მზის გარშემო ვბრუნავთ. ნათესავები და მეგობრები ასტეროიდები და კომეტები არიან და მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების გარშემო ტრიალებენ. ერთადერთი ციური სხეული, რომელიც მზე ავგუსტის გარშემო არ ბრუნავს, ჩვენი ძაღლი დეიზია, ისიც იმიტომ, რომ მისი პატარა, ძაღლური თვალებით დანახული ავგუსტის სახე დიდად არ განსხვევდება სხვა ადამაინების სახეებისგან. დეიზისთვის ჩვენი სახეები ერთნაირია – მთვარესავით ბრტყელი და უფერული.

მიჩვეული ვარ ამ ჩვენს სამყაროს და არც არასოდეს შევწინააღმდეგებივარ იმიტომ, რომ მის გარდა სხვა არაფერი ვიცი. ვხვდებოდი, რომ ავგუსტი სხვანაირია და მოვლაც სხვანაირი სჭირდება. თუ რაიმე ხმაურიან თამაშს ვთამაშობდი, ის კი იძინებდა, ვიცოდი, რომ სხვა რამე უნდა მეთამაშა, იმიტომ, რომ დასვენება სჭირდებოდა, რადგან რომელიღაც პროცედურის შემდეგ ღონე ელეოდა და ტკივილი აწუხებდა. თუ მინდოდა დედას და მამას ენახათ, როგორ ვთამაშობ ფეხბურთს, ვიცოდი ათიდან ცხრა შემთხვევაში ვერ მოვიდოდნენ, იმიტომ, რომ ავგუსტი ან ლოგოპედთან ეყოლებოდათ წასაყვანი, ან ფიზიოთერაპიაზე, ან ვინმე ახალ სპეციალისტთან, ანდა სულაც ოპერაციაზე.

დედა და მამა ყოველთვის მაქებდნენ, შენზე გამგები გოგო ქვეყანაზე არ არისო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ის კი მესმის, რომ საჩივლელი არაფერი მაქვს. მე ხომ მინახავს ავგუსტი ოპერაციების შემდეგ: ციცქნა სახე შეხვეული და შეშუპებული ჰქონდა, პაწია სხეულში კი მილაკები და საწვეთურები გაერჭოთ, რათა როგორმე გადარჩენილიყო. როცა ხედავ, სხვას რისი გადატანა უწევს, გიჟი უნდა იყო, რომ ადგე და წუწუნს მოჰყვე, რატომ ის სათამაშო არ მიყიდეთ, რომელიც გთხოვეთო ან – დედა სკოლის სპექტაკლზე რატომ არ მოვიდაო. ამას მაშინაც ვხვდებოდი, როცა ექვსის ვიყავი. არავის არ აუხსნია. უბრალოდ, ვხვდებოდი.

ჰოდა, მივეჩვიე, რომ არ უნდა ვიწუწუნო და დედა და მამა წვრილმანებით არ შევაწუხო. მივეჩვიე, რომ ყველაფერს თვითონვე უნდა მივხვდე: როგორ ავაწყო კონსტრუქტორი, როგორ დავგეგმო ჩემი ცხოვრება ისე, რომ მეგობრების დაბადების დღეები არ გამომრჩეს, როგორ მოვახერხო, ნორმალურად ვიმეცადინო და სწავლას არ ჩამოვრჩე. არასოდეს მითხოვია, დავალებების დაწერაში დამეხმარეთ–მეთქი. არ დამჭირვებია შეხსენება, პროექტი გაქვს დასამთავრებელი ან ტესტისთვის მოემზადეო. თუ გაკვეთილზე რამეს ვერ გავიგებდი, შინ მოვიდოდი და მანამ ვსწავლობდი, სანამ არ გავიგებდი. მე თვითონვე მივხვდი, როგორ უნდა გადამექცია წილადები ათწილადებად: ინტერნეტში გავარკვიე. სკოლის ყველა პროექტს თითქმის დამოუკიდებლად ვასრულებდი. როცა დედა ან მამა მკითხავდნენ, სკოლაში საქმე როგორ მიდისო, სულ ვეუბნებოდი, კარგად– მეთქი, მაშინაც კი, როცა მთლად კარგად ვერ მიდიოდა. მეც მაქვს უმძიმესი დღეები, მეც ვვარდები და რაღაცეები მიშავდება, მეც მისკდება თავი, მეც მაქვს ნატკენი და ჩალურჯებული ადგილები, მეც მჭრის მუცელი და მეც მეუბნებიან საზიზღრობებს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ავგუსტმა გამოიარა. სხვათა შორის, ამას გასაპრანჭად არ ვამბობ. უბრალოდ, ვიცი, რომ ასეა.

ჩვენს პატარა სამყაროში ყოველთვის ასე იყო. თუმცა, წელს გალაქტიკაში ცვლილებებია მოსალოდნელი. პლანეტები ორბიტიდან გადიან.

 

საოცრება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ.ჯ. პალაციო