მეექვსე საფეხური
» შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

მეორე დღეს ერთმანეთს შევხვდით და დავათვალიერეთ ბეიკერსტრიტზე მდებარე ბინა #221/ბ, რომელსაც ჰქონდა ორი კარგი საწოლი ოთახი და კოხტად მოწყობილი ფართო სასტუმრო ორი დიდი ფანჯრით. იმავე საღამოს გადავედი სასტუმროდან, მეორე დღეს კი შერლოკ ჰოლმსმა გადმოიტანა თავისი ყუთები.

ჰოლმსთან შეწყობა ადვილი საქმე აღმოჩნდა. ხმაური არ უყვარდა და წესიერ ცხოვრებას ეწეოდა. ცხრაზე ადრე იშვიათად წვებოდა და საუზმობას ჩემს ადგომამდე ასწრებდა. ზოგჯერ მთელ დღეს ქიმიურ ლაბორატორიაში ატარებდა, ხან საათობით დაეხეტებოდა ქალაქში, თანაც სასეირნოდ ლონდონის ყველაზე საეჭვო უბნებს ირჩევდა.

იგი თავისი გარეგნობითაც იქცევდა ყურადღებას. ცოცხალი, გამჭრიახი თვალები და ვიწრო, ქორისებური ცხვირი მის სახეს სიფხიზლისა და შეუპოვრობის იერს აძლევდა. თვალში გეცემოდათ მისი წინ გამოწეული, ძლიერი ნებისყოფის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიკაპი. ხელები ყოველთვის დალაქავებული ჰქონდა მელნითა და ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებით.

მედიცინას არ სწავლობდა. მგონი, არც ერთი ისეთი სასწავლებელი არ ჰქონდა დამთავრებული, სწავლულთა სამყაროსაკენ გზას რომ გაუხსნიდა. ამის მიუხედავად, განსაკუთრებული გულმოდგინებით აწარმოებდა თავის კვლევა-ძიებას და, მართალია, გარკვეულ ჩარჩოებში, მაგრამ მისი ცოდნა განსაცვიფრებლად ფართო და დეტალური იყო.

ბეიკერსტრიტზე ჩვენი ცხოვრების პირველ კვირას არავის შემოუვლია და, ის იყო გავიფიქრე, ჰოლმსიც ალბათ ჩემსავით მარტოხელა უთვისტომო კაცია-მეთქი, რომ მალე დავრწმუნდი, მას მრავალი ნაცნობი ჰყავდა და სულ სხვადასხვა წრიდან. ერთი პატარა, ფერმკრთალი კაცი დაიარებოდა, ვირთხასავით სახის და შავი თვალებით. მისტერ ლესტრეიდად გამეცნო. კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც ნახულობდა ჰოლმსს.

ერთ დილას კარგად ჩაცმული ქალიშვილი მოვიდა, ნახევარ საათს დარჩა; მერე საცოდავი გარეგნობის, ძლიერ აღელვებული ჭაღარა კაცი გვესტუმრა; მას ხნიერი დედაკაცი მოჰყვა. როცა მნახველები მოდიოდნენ, შერლოკ ჰოლმსი ჩვეულებისამებრ მთხოვდა, სასტუმრო ოთახი დამითმეო, და მეც ჩემს ოთახში გავდიოდი.

ამ ოთახს სამუშაო კაბინეტად ვიყენებ, სხვა გზა არა მაქვს, ეს ადამიანები კი ჩემი კლიენტები არიანო, მეტყოდა ხოლმე.

შემეძლო პირდაპირ მეკითხა ჰოლმსისთვის, რას საქმიანობთ-მეთქი, მაგრამ ვერ გამებედა. მაშინ ჯერ კიდევ მეჩვენებოდა, რომ ჰოლმსს დუმილის სერიოზული საფუძვლი ჰქონდა, მაგრამ ერთხელ თვითონვე ჩამომიგდო ამაზე სიტყვა.

ერთ დილას, როგორც მახსოვს, 4 მარტს, ჩვეულებრივზე ადრე ავდექი და შერლოკ ჰოლმსს საუზმეზე შევუსწარი. ყავა მოვითხოვე და მაგიდაზე დაგდებული გაზეთი ავიღე. ერთ-ერთი სტატია ფანქრით იყო გახაზული და, რაღა თქმა უნდა, თვალი გადავავლე. ცოტა არ იყოს, უცნაური სათაური ჰქონდა: „ცხოვრების წიგნი“. ლაპარაკი იყო იმაზე, თუ რა ბევრი რამ შეიძლება გაიგოს კაცმა, თუ ზუსტად და სისტემატურად ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. მსჯელობა თანმიმდევრული და დამაჯერებელი იყო, მაგრამ დასკვნები მეტისმეტად ფართო და გაზვიადებული მეჩვენა. ავტორი ირწმუნებოდა, რომ შეიძლება ადამიანის ყველაზე იდუმალი აზრების გამოცნობაც კი მისი სახის წამიერი გამომეტყველებით, კუნთის მოძრაობით, უცაბედი მზერით; უცოდინართათვის ჩემი დასკვნები და დაკვირვებათა შედეგები, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს და ჯადოქრობაც კი დამწამონ, სანამ არ შეიტყობენ, თუ რა გზით მივედი ამ დასკვნამდეო. 

მკვლევარმა ელემენტარული პრობლემიდან უნდა დაიწყოს. დაე, ისწავლოს პირველი შეხედვითვე ადამიანის წარსულის, მისი ხელობისა და პროფესიის გამოცნობა. ასეთი ვარჯიში აღრმავებს დამკვირვებულობას და გვასწავლის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხელის თითების ფრჩხილები, კოსტიუმის სახელოები, ფეხსაცმელი, სახის გამომეტყველება, პერანგის სამაჯურები თუ სახელოები - ყველა ეს წვრილმანი საშუალებას გვაძლევს, გამოვიცნოთ ადამიანის პროფესია.

- რა წარმოუდგენელი აბდაუბდაა! - შევძახე და გაზეთი განზე ვისროლე, - ჩემს სიცოცხლეში არ წამიკითხავს ასეთი სისულელე!

- ეს სტატია ჩემი დაწერილია, - მშვიდად მიპასუხა ჰოლმსმა.

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი