მეექვსე საფეხური
» შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

1878 წელს ლონდონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი მოვიპოვე და სამხედრო ექიმთა მოსამზადებელ კურსებზე შევედი. კურსების დამთავრების შემდეგ ნორთუმბერლენდის მსროლელთა მეხუთე პოლკში უმცროს ექიმად გამამწესეს. იმხანად პოლკი ინდოეთში იდგა და, სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდი, ავღანეთის მეორე ომი ატყდა.

ამ ომმა მრავალს მოუტანა პატივი და მრავალი წასწია წინ სამსახურში. მე კი მხოლოდ მარცხი და უბედურება დამატყდა თავს. ერთ-ერთ ბრძოლაში მხარში დავიჭერი და ძლივს მომიშუშდა ჭრილობა. ამას დაერთო მუცლის ტიფი, რის გამოც რამდენიმე თვის შემდეგ გამოსაჯანსაღებლად ინგლისში გამგზავნეს.

ინგლისში არც ნათესავები მყავდა, არც ვინმე ახლობელი, მაგრამ ქარივით თავისუფალი ვიყავი, უფრო სწორად, თავისუფალი ვიყავი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას დღეში თერთმეტი შილინგისა და ექვსი პენსის შემოსავალი მაძლევდა.

რა უნდა მექნა? ლონდონში დავსახლდი და ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდი.

ძალიან მოუხერხებლად და უაზროდ ვცხოვრობდი. ფულს იმაზე უფრო თავისუფლად ვხარჯავდი, ვიდრე ჩემი შეძლების პატრონს შეეფერებოდა. მალე დავრწმუნდი, რომ ან ქალაქგარეთ უნდა გადავსახლებულიყავი, ან მკვეთრად შემეცვალა ცხოვრების წესი. მე ეს უკანასკნელი ვამჯობინე. გადავწყვიტე, მიმეტოვებინა სასტუმრო და სადმე უფრო იაფფასიანი ბინა მეპოვა.

იმ დღეს, როცა ამ დასკვნამდე მივედი, ბარში ვიდექი. უცებ ვიღაცამ მხარზე დამკრა ხელი. მივბრუნდი და ჩემი ძველი მეგობარი სტემფორდი დავინახე. ორივეს გაგვიხარდა შეხვედრა და მაშინვე საუზმეზე მივიპატიჟე.

- რა მოგსვლიათ, უოტსონ? - მკითხა სტემფორდმა დაუფარავი გაკვირვებით, - ლერწამზე წვრილი ხართ.

მოკლედ ვუამბე, თავს რა ხიფათიც გადამხდა.

- საწყალი კაცი! - ჩაილაპარაკა, - ახლა რას აპირებთ?

- ბინას დავეძებ და შეუძლებელს ვცდილობ, ცოტა იაფად მინდა წესიერი ოთახი დავიქირავო.

- უცნაურია, - შენიშნა ჩემმა მეგობარმა,- ასეთი სურვილი დღეს უკვე მეორედ მესმის.

- პირველად ვისგან მოისმინეთ?

- ერთი ყმაწვილისგან, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობს. დღეს დილით შემომჩივლა, ვერანაირად ვერ მიპოვია ამხანაგი, რომელთან ერთადაც ვიქირავებდი რიგიან ოთახს, მარტოხელას კი ქირის გადახდა გამიჭირდებაო.

- ეშმაკმა დალახვროს! სწორედ მე ვარ ასეთი კაცი.

სტემფორდმა ცოტა უცნაურად გადმომხედა და მითხრა:

- თქვენ არ იცნობთ შერლოკ ჰოლმსს, შეიძლება არ მოგეწონოთ და ვერ შეეგუოთ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.

- რატომ? ცუდი ზნის კაცია?

- ო, სულაც არ ვამბობ, ცუდი ზნისაა-მეთქი. უბრალოდ. ცოტა უცნაური იდეები აქვს. მეცნიერების ზოგიერთი დარგითაა გატაცებული.

- როგორც ვატყობ, სტუდენტი-მედიკოსი იქნება, არა? - ვკითხე მე.

- არა, წარმოდენაც არა მაქვს, რა პროფესიის კაცი დადგება. აქვს არაჩვეულებრივი ცონდა, რითაც თავის პროფესორებს პირდაპირ აოცებს.

- არ გიკითხავთ, რა მიზანს ისახავს?

- არა, გულს ასე იოლად არავის გადაუშლის, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს, როცა გუნებაზეა ხოლმე.

- სიამოვნებით გავეცნობოდი, - ვუთხარი მეგობარს, - თუ ვინმესთან ერთად ცხოვრება მომიხდება, ისეთი კაცი მირჩევნია, რომელსაც სიმშვიდე და მუშაობა უყვარს. როგორ შევხვდე თქვენს მეგობარს?

- ალბათ ლაბორატორიაში იქნება. თუ გინდათ, ნასაუზმევს შევუაროთ.

ჰოსპიტალისაკენ წავედით და გზადაგზა სტემფორდმა მიამბო ზოგიერთი წვრილმანი იმ ჯენტლმენზე, ვისთან დასახლებასაც ვვარაუდობდი.

 

 

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი