მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ლიონელ მესი)

ცნობილი ადამიანები (ლიონელ მესი)

ლიონელ მესი 1987 წელს არგენტინის პატარა ქალაქ როსარიოში დაიბადა. მას ბავშვობიდანვე რთული, ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. ცნობილი ისტორია უკავშირდება ლიონელ მესის ავადმყოფობას. 14 წლის ასაკში მისი სიმაღლე 125 სანტიმეტრი იყო. ოჯახი მას ვერაფრით ეხმარებოდა,  რადგან მკურნალობას დიდი თანხა სჭირდებოდა.

 

არგენტინაში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში ერთ-ერთ თამაშს „ბარსელონას“ მენეჯერი ესწრებოდა, იგი მესის თამაშმა მოხიბლა და „ბარსელონაში“ გადასვლა შესთავაზა, მესიც დათანხმდა და იმ დროიდან ფეხბურთელის მკურნალობა „ბარსელონამ“ საკუთარ თავზე აიღო. რამდენიმე წელიწადში მესი საბოლოოდ განიკურნა. ის მსოფლიოს ლეგენდარულ ფეხბურთელად აღიარეს და ხუმრობით „პატარა“ შეარქვეს. გასული წლის განმავლობაში „ბარსელონამ” დაახლოებით ერთი მილიონი საკლუბო მაისური გაყიდა, მათ შორის უმრავლესობა ლიონელ მესის 10-ნომრიანი მაისური იყო. ამის გარდა,  სპორტული გაზეთების 70 პროცენტი პირველ გვერდს მესის ფოტოსურათით იწყებს.

 

ცნობილი ფაქტია, რომ ლიონელ მესი ძალიან მორცხვი ადამიანია და კარიერის დასაწყისში ავტოგრაფების დარიგებისაც კი ერიდებოდა. ერთხელ მორცხვი მესი ცნობილ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან მისულა ავტოგრაფის სათხოვნელად. ამ ფაქტის შესახებ თავად როჯერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მესის საუბრის დროს თავიც კი დახრილი ჰქონდა.

 

ლიონელ მესი ჯერ ისევ ახალგაზრდაა, თუმცა, მის ბიოგრაფიაში არის ხუთი საჩემპიონო ტიტული „ბარსელონასთან” ერთად, სამი „ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებულის სტატუსი, ხოლო გასულ წელს მან საუკუნის რეკორდი მოხსნა – ერთ წელიწადში 92 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, მესი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის” მფლობელი. 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: