მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ჯონ ლენონი)

ცნობილი ადამიანები (ჯონ ლენონი)

სახელგანთქმული მუსიკოსი და ინსტრუმენტალისტი ჯონ ლენონი 1940 წლის 9 ოქტომბერს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში დაიბადა. სწორედ იმ დროს, როდესაც გერმანული ავიაცია ლივერპულის ქუჩებს ბომბავდა. ალბათ, ამიტომაც სძულდა მას ომი და მთელი თავისი შემოქმედება მშვიდობისა და სიყვარულის ქადაგებას მიუძღვნა.


ჯონი ალფრედ და ჯული ლენონის ერთადერთი შვილი იყო. ჯონის დაბადების შემდეგ მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭის აღზრდა დეიდამ ითავა. დეიდა საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი ქალბატონი გახლდათ და განსაკუთრებით არ მოსწონდა ახალგაზრდის გიტარით გატაცება. ამიტომ ხშირად ეუბნებოდა:  ის შენ ვერ გარჩენს! გავიდა წლები და ჯონმა საკუთარი შემოქმედებით გამომუშავებული ფულით დეიდას ზღვისპირას სახლი უყიდა. სახლის შესასვლელთან კი მიაწერა: „ის შენ ვერ გარჩენს...“

 

ბავშვობაში ჯონი განსაკუთრებული ნიჭითა და შეურიგებელი ხასიათით გამოირჩეოდა: მას არც სკოლა უყვარდა, საგანგებოდ სწავლობდა ცუდად. სამაგიეროდ ძალიან უყვარდა ხელოვნება: მღეროდა გუნდში, გამუდმებით კითხულობდა ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და უშვებდა ჟურნალს, რომელშიც საკუთარ ილუსტრაციებს აქვეყნებდა. მალე ჯონ ლენონმა ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა, სადაც თავისი პირველი მეუღლე სინტია პაუელი გაიცნო, მათ შეეძინათ ვაჟი - ჯულიანი.

 

1961 წელს ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი ქმნიან მსოფლიოში აღიარებულ ჯგუფს „The Beatles”.  საინტერესოა, რომ ბითლზის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „Strawberry Fields“, რაც ქართულად მარწყვის მდელოს ნიშნავს, სინამდვილეში იყო ბავშვთა სახლი ლივერპულში, რომელსაც ჯონ ლენონი ეხმარებოდა, სწორედ ამიტომ ამ დაწესებულებაში ერთ-ერთ ჰოლს მის საპატივსაცემოდ ლენონის ჰოლი ეწოდა. ცნობილია, რომ პოლ მაკარტნიმ ცნობილი სიმღერა „Hey jude“ ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის, დაწერა.

 

ლენონის უკვდავსაყოფად შეიქმნა უამრავი სიმღერა, ყველაზე მეტად მუსიკოსის თავისუფლებისადმი სიყვარული ჩანს მისსავე სიტყვებში, რომელიც შემდეგ ლივერპულის აეროპორტის დევიზად იქცა: Above us only sky (ჩვენს ზევით მხოლოდ ცა).

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: