მეხუთე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ლეონარდო და ვინჩი)

ცნობილი ადამიანები (ლეონარდო და ვინჩი)

გამოჩენილი იტალიელი მხატვარი, მწერალი, არქიტექტორი, მათემატიკოსი, გამომგონებელი ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს, პატარა ქალაქ ვინჩის მიდამოებში, სწორედ ამიტომ იხსენიებენ მას ლეონარდო და ვინჩად. თოთხმეტი წლის იყო, როცა საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა. მამამ ლეონარდო სასწავლებლად გამოჩენილი ფერმწერისა და მოქანდაკის  ანდრეა ვეროკიოს სამხატვრო სახელოსნოში მიიყვანა. ლეონარდომ ბევრი რამ ისწავლა ვეროკიოს სახელოსნოში, მაგრამ, როგორც მისი თანამედროვენი ირწმუნებიან, იგი გაცილებით საინტერესო ნამუშევრებს დამოუკიდებლად ქმნიდა. ლეონარდო ბავშვობიდანვე არ იშორებდა თავის უბის წიგნაკს, რომელშიც იხატავდა ყველაფერს, რაც დააინტერესებდა: ბორცვებსა და მინდვრებს, ბალახებსა თუ რკოს, ხესა და ქალწულის უბიწო სახეს, კატას, თათებით პირს რომ იბანს, ქსოვილის ნაკეცებს. „დამრიგებლად ბუნება ავირჩიე-ყველა მასწავლებლის მასწავლებელი“ - წერდა იგი თავისი მუშაობის შესახებ. ლეონარდოს ფერწერულ ნამუშევრებს შორისაა: „მოგვთა თაყვანისცემა“, „მონა ლიზა“, „საიდუმლო სერობა“.

 

არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლეონარდო და ვინჩის შესახებ:
ლეონარდოს თურმე ძალიან უყვარდა ფრინველები, ის გალიაში ჩაკეტილ ჩიტებს იმისთვის ყიდულობდა, რომ გაეთავისუფლებინა.

 

ლეონარდოს საკუთარი ნაწერების საქვეყნოდ გავრცელება არ სურდა, ამიტომ საოცარი რამ მოიფიქრა -  ის უკუღმა წერდა და მისი ჩანაწერების წაკითხვა მხოლოდ სარკის მეშვეობით ხერხდებოდა.

 

ლეონარდო და ვინჩის მისი თანამედროვენი „მომავლიდან მოსულს“ უწოდებდნენ, რადგან, როგორც ბევრი გენიოსი, თავის დროს წინ უსწრებდა: საფრენი აპარატების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების გამოგონებამდე, ლეონარდო მათ შექმნაზე უკვე ფიქრობდა.

 

გადმოცემის თანახმად, „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.

 

ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. გარკვეული ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძენძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და ლეონარდომ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:

- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!

- კი მაგრამ საიდან? - გაუკვირდა ლეონარდოს.

- სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...“

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: