მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ორფევსი და ევრიდიკე)

მითები და ლეგენდები (ორფევსი და ევრიდიკე)

მეფე ორფევსი მეფობისგან თავისუფალ დროს ლექსებს წერდა, ჩანგზე უკრავდა და ისე ტკბილად მღეროდა, რომ მის მოსასმენად ნადირ-ფრინველი იკრიბებოდა, წყაროები დინებას წყვეტდა, ამ ჯადოსნური ჰანგების ძალით საოცარი სილამაზის ყვავილები იშლებოდა.

ორფევსის ცოლი, ხის ნიმფა ევრიდიკე - ლერწამივით მოქნილი, ფოთოლივით მოჩურჩულე, ხის ჩრდილივით მთრთოლვარე და თვინიერი, მეუღლეზე შეყვარებული და მისი სიყვარულით განებივრებული - გველმა დაგესლა და ჰადესის სამეფოში გაემგზავრა.

თავზარდაცემული ორფევსიც მაშინვე მიწისქვეშეთის გზას დაადგა. მდინარე სტიქსს რომ მიადგა, მდინარის დარაჯს, ქარონს სთხოვა, მეორე ნაპირზე გადამიყვანეო.

ქარონი არ თანხმდებოდა, ცდილობდა, გადაერწმუნებინა ორფევსი, ეუბნებოდა, იქ მხოლოდ გარდაცვლილების ადგილიაო, მაგრამ ორფევსი არ ნებდებოდა. მან ჩანგი ამოიღო და სიმღერა წამოიწყო. სიმღერა ისეთი ნაღვლიანი და დარდიანი იყო, რომ ქარონი ცრემლებად დაიღვარა და ორფევსი მეორე ნაპირზე უსიტყვოდ გადაიყვანა.

ორფევსის მწუხარებამ პირქუშ და სასტიკ ჰადესსაც კი მოულბო გული. ჰადესი მიწისქვეშეთის გამგებელი იყო და სისასტიკითაც გამოირჩეოდა, თუმცა ორფევსის გულწრფელ თხოვნას ის წინ ვერ აღუდგა:

- დამითმია შენთვის ევრიდიკე, წაიყვანე! ჰერმესი გაგაცილებს და გაფრთხილებ, უკან არ მოიხედო, თორემ სამუდამოდ მოგიწევს ცოლთან განშორება!

ეს თქვა ჰადესმა და თავისი საქციელით განცვიფრებული ბუზღუნით გაეცალა იქაურობას.

მიწისქვეშეთიდან ვიწრო და გრძელი ბილიკი ამოდიოდა. ორფევსს და ევრიდიკეს ჯერ ნეტართა კუნძული უნდა გაევლოთ, სადაც ნეტარი სულები ბინადრობდნენ, შემდეგ ელისეს მინდვრები, სადაც სახელოვანი ადამიანების სულები იყვნენ განცხრომაში და ბოლოს ბნელი გვირაბიც უნდა გაევლოთ.

ორფევსმა გვირაბამდე მედგრად გაუძლო ცდუნებას და მონატრებული ცოლის სანახავად არ მოუხედავს.

როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, შეყვარებულმა მეფემ თავი ვეღარ შეიკავა და ცოლს მოხედა...

ასე დაკარგა ორფევსმა ევრიდიკე სამუდამოდ.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: