მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (მინოსის ლაბირინთი)

მითები და ლეგენდები (მინოსის ლაბირინთი)

მინოსს, კუნძულ კრეტის მეფეს, ერთი უცნაურზე უცნაური სასახლე ჰქონდა. ისეთი იყო, იქ რომ ვინმე შევიდოდა, უკან გზას ვეღარ გამოიგნებდა. სასახლეს ლაბირინთი ერქვა. ლაბირინთის შუაგულში ურჩხული ჰყავდა დამწყვდეული, სახელად მინოტავრი. ამ მინოტავრს კაცის ტანზე ხარის თავი ება და საერთოდაც, დიდი ტუტუცი ვინმე იყო - ადამიანის მეტს არაფერს ჭამდა.

 

ადამიანები მეფე მინოსს უცხო ქვეყნებიდან ჩამოჰყავდა. ხან რომელ მეფეს შეუთვლიდა და ხან რომელს - ამდენი და ამდენი ადამიანი გამომიგზავნეო; თან იმუქრებოდა: თუ უარს მეტყვით, მინოტავრს ლაბირინთიდან გამოვუშვებ და  მერე რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთო. იმათაც ეშინოდათ და უგზავნიდნენ.

 

ერთხელ ათენის მეფე ეგეოსს შეუთვალა: ახლა შენი ჯერია, შვიდი ჭაბუკი და შვიდი ქალიშვილი უნდა გამომიგზავნოო. შეწუხდა მეფე ეგეოსი, ძალიან შეწუხდა, მაგრამ რა ექნა - მინოტავრის მასაც ეშინოდა. ამიტომ სასწრაფოდ შეარჩია შვიდ-შვიდი ჭაბუკი და ქალიშვილი, ჩასხა ხომალდში და გაუგზავნა.

 

გაგზავნილთა შორის მეფის ვაჟიც იყო, სახელგანთქმული გმირი თეზევსი. აბა, მეფე საკუთარ შვილს ურჩხულის შესაჭმელად როგორ გაიმეტებდა, მაგრამ თეზევსმა თვითონ აიტეხა წასვლა: პირისპირ უნდა შევებრძოლო მაგ თავგასულ მინოტავრს, ვნახო ერთი რა ვაჟკაციაო. თეზევსს, საზოგადოდ, უყვარდა ურჩხულებთან ბრძოლა.

 

მალე ხომალდი კუნძულ კრეტას მიადგა. ლაბირინთი რომ გამოჩნდა, თეზევსი ცოტა შეფიქრიანდა. განა მინოტავრისა შეეშინდა. არა, შიში რა არის არც იცოდა. იმან შეაფიქრიანა, მაგ წურბელას რომ სულს გავაცხებინებ, გარეთ როგორღა გამოვიდეო.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: