მეხუთე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ოლიმპო - ღმერთების სახლი)

მითები და ლეგენდები (ოლიმპო - ღმერთების სახლი)

ძველ ბერძნებს და რომაელებს, სხვა ხალხების მსგავსად, უამრავი ღმერთი ჰყავდათ. ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ მრავალღმერთიანობა ძალიან მოსახერხებელი იყო: ერთი ღმერთი თუ არ მოგისმენდა, მეორეს მიმართავდი, მეორეც თუ არ იღებდა ყურად შენს თხოვნას, მესამე გამოგიწვდიდა დახმარების ხელს და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ შენს მოსაწონ ღმერთს არ აღმოაჩენდი. იმ უხსოვარ დროში ისიც სჯეროდათ, რომ ღმერთები სწორუპოვარნი, თმამშვენიერნი და თვალსხივოსანნი იყვნენ.

ღვთაებები ღრუბლებზე უფრო მაღალ მთაზე, ოლიმპოზე ცხოვრობდნენ და იქიდან გადმოჰყურებდნენ ნახევარღმერთებს, გმირებსა და უბრალო მოკვდავებს. ოლიმპო უწმინდესი მთა იყო, მას ღმერთების სამყოფელსაც უწოდებდნენ და სჯეროდათ, რომ ყველა ღმერთი, ზევსის მეთაურობით, ამ მთაზე იკრიბებოდა.

ოლიმპოს მთავარ ღმერთს ზევსი ერქვა და სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, მეხთამტყორცნელი იყო. როცა გაბრაზდებოდა, განსაკუთრებით მაშინ აფრქვევდა მეხსა და ელჭექს. განრისხებული ზევსის ნახვას მტერს არ უსურვებდა კაცი.

ზევსს ძველი რომაელები იუპიტერს ეძახდნენ და რა გასაკვირია, რომ მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას ყველაზე დიდი ღმერთის სახელი ჰქვია.

განსაკუთრებით სახელგანთქმული თორმეტი ღმერთი იყო: ჰერა, ათენა, პოსეიდონი, დემეტრა, აპოლონი, არტემიდე, ჰერმესი, არესი, აფროდიტე, ჰეფესტო, ჰესტია, ჰადესი.

არანაკლებ სახელგანთქმული, მაგრამ ბევრად უფრო დაბალი თანამდებობისანი კი - იმდენი, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

თუ ზევსი კარგ გუნებაზე ბრძანდებოდა, ოლიმპოს მაღალ მთაზე სიმშვიდე სუფევდა - არც ქარი იყო, არც წვიმა, არც დარდი და ჭმუნვა, არც ზამთარი და არც შემოდგომა, მხოლოდ გაზაფხული, სიხარული, სინათლე და უკვდავება ზეიმობდა.

ღმერთები მთელ დროს განცხრომასა და ნებივრობაში ატარებდნენ, ნექტარსა და ამბროსიას მიირთმევდნენ, გრაციების სიმღერებით და ცეკვებით ირთობდნენ თავს.

ნექტარი ღმერთების სასმელია, ამბროსია კი - ღმერთების საჭმელი.

გრაციები მშვენიერი ქალღმერთები იყვნენ. მოხდენილ ქალზე დღესაც იტყვიან, რა გრაციოზულიაო.

ძველბერძნულიდან მომდინარეობს კიდევ ერთი გამოთქმა ოლიმპიური სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდის გარდა ოლიმპიური კიდევ ბევრი რამეა.

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: