მეხუთე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ზღვის სამყაროს უცნაური ბინადრები 2)

პლანეტა დედამიწა (ზღვის სამყაროს უცნაური ბინადრები 2)

თევზი-ბეღურა

თევზი-ბეღურა გარეგნულად მართლაც წააგავს ბეღურას. შეფერილობა ან მუქი ლურჯი ან მოშავო აქვს. თუმცა ფერის შეცვლაც შეუძლია ქამელეონივით და ასეთ დროს მუცელი ფორთოხლისფერი უხდება და ზურგი ყავისფერი, მას არც ისე ღრმა წყალი სჭირდება საცხოვრებლად და ნაპირთან ახლოს უყვარს ყოფნა.

მდედრი თევზი ქვირითის გროვას ნაპირთან ძალიან ახლოს დებს და იქვე ტოვებს. იგი არ არის მზრუნველი და ფრთხილი დედა. სამაგიეროდ მამრი ზრუნავს ქვირითზე და თუ შეატყო, რომ წყალი შემოაკლდათ, კუდის ტყაპუნით ასხურებს. უკვე გამოჩეკილ ლიფსიტებს კი ყველგან თან დაჰყვება. საფრთხის დროს ლიფსიტები მამის ტანს ეწებებიან და მამას ისინი უსაფრთხო და უფრო ღრმა წყალში გადაჰყავს. როდესაც უკვე დიდები არიან, მამის ნაცვლად ზღვის ფსკერს ეკვრიან საფრთხის დროს.

 

თევზი-ბაყაყი

თევზი-ბაყაყები სხვადასხვანაირები არიან. ზოგს ბაყაყივით ყიყინი შეუძლია, ზოგი კლოუნივითაა აფერადებული, ზოგს ბაყაყისნაირი ფეხები აქვს, უმეტესობას თავზე პატარა თევზებისთვის სატყუარა აქვს გამობმული. სხეულზე ქერცლი არ აქვს და ბაყაყს ამითიც ჰგავს. ბაყაყი-თევზები შხამიანები არიან, თუმცა ადამიანს მათი შხამი ვერაფერს აკლებს. ძალიან უყვარს დამალვა და სოროებს იშენებს ზღვის ფსკერზე, ცარიელ ნიჟარებში, ასევე კონსერვის ქილებში და ბოთლებში.(ზოგიერთი ადამიანი ზღვაში  ასეთ რაღაცებს ყრის).

 

წვეთი თევზი

წვეთ თევზს ფსკერი და ღრმა წყალი უყვარს. იგი ზარმაცი და ზანტია. ცურავს ძალიან ნელა და პირი მუდმივად ღია აქვს, რადგან  ნადირობა და სწრაფი მოძრაობა არ შეუძლია და იმ პლანქტონებით იკვებება, რომლებიც პირში შეუცურდებიან. ისეთი სხეული აქვს, გეგონება მართლა წყლისა და ლორწოსგან შედგებაო.  იგი მართლაც წყალზე სულ ცოტათი მეტი სიმკვრივისაა. სხეულზე წვეთ თევზს არ აქვს არც ქერცლი და არც ფარფლები. იმის გამო, რომ წვეთი თევზი ძალიან ღრმად ბინადრობს ზღვაში, მის შესახებ ცოტაა ცნობილი. მდედრი თევზი ძალიან მზრუნველი დედაა და გარდა საკუთარი ლიფსიტებისა, იგი სხვა თევზი წვეთების ლიფსიტებსაც უვლის ხოლმე. ზღვის ფსკერზე მათ ნამდვილი საბავშვო ბაღები აქვთ მოწყობილი და ერთი უფროსი წვეთი თევზი მუდმივად უვლის და ზრუნავს პატარებზე. წვეთ თევზს ჩინელები და იაპონელები საკვებად იყენებენ.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: