მეხუთე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ზღვის სამყაროს უცნაური ბინადრები 1)

პლანეტა დედამიწა (ზღვის სამყაროს უცნაური ბინადრები 1)

ზღვის სამყარო განსხვავებული, ფერადი და საინტერესოა. ზოგიერთი ზღვის ცხოველის სახელწოდება ხმელეთის ცხოველებისას ემთხვევა. მაგალითად, არსებობენ ზღვის კუები, ზღვის ღორები, ზღვის ძროხები, ზღვის ლომები, ზღვის სპილო, ცხენთევზა, ბაყაყი-თევზი, ზღარბთევზა, ზღვის ძაღლი, ზღვის კატა, ზღვის თაგვი, ზღვის გველი, ზღვის მელა, ზღვის არწივი, ზღვის ბეღურა და ასე შემდეგ. მაგრამ არიან  უცნაური დასახელების თევზებიც – მაგალითად, მეთევზე თევზი, რომელსაც თევზ-ანკესსაც უწოდებენ, რადგან მას თავზე ანკესივით წანაზარდი აქვს და პატარა თევზებს ამ ანკესით იტყუებს. ასევე ქვა თევზი, რომელიც გარეგნულად მართლა ძალიან ჰგავს ქვას. ზღვის ბაყაყები, რომლებიც საფრთხის დროს ისეთივე ხმებს გამოსცემენ, როგორც ბაყაყები. ზღვის ბეღურა, რომელიც ცოტათი წააგავს ბეღურას და ასევე წვეთი თევზი, რომელიც ოდნავ უფრო მკვრივია, ვიდრე წყალი.

 

ქვა თევზი - ცხოვრობს მარჯნის რიფებზე. ქვებში, წყალმცენარეებში და სილაში უყვარს დამალვა. აქვს უშნო დიდი თავი, პატარა თვალები და გამოწეული დიდი პირი. ტანი დაფარული აქვს მეჭეჭებით და კოჟრებით. ზურგზე აქვს უხეში და შხამიანი ეკლები. ქვა თევზს შეუძლია ხმელეთზე გაძლოს 20 საათი. ისეთი შხამიანი ეკლები აქვს, რომ შეიძლება ადამიანი ერთ საათში მოკლას, თუმცა იაპონელები და ჩინელები მის ხორცს საკვებად იყენებენ.

 

მებადური თევზი - ცხოვრობს თბილ წყლებში დიდ სიღრმეზე. დიდი, მომრგვალო თევზია, უზარმაზარი და ბევრკბილიანი პირი აქვს. ანკესი ზოგ მებადურ თევზს ზურგზე აქვს, ზოგს პირში. თევზი სატყუარას სურვილისამებრ აანთებს და აქრობს – ასე იტყუებს მსხვერპლს. მებადური თევზის მდედრი გაცილებით დიდია, ვიდრე მამრი. მებადური თევზები ძალიან ღორმუცელები არიან და ეს ხშირად ღუპავს კიდეც მათ – ზოგჯერ ისინი მსხვერპლის ზომას ვერ საზღვრავენ,  დიდ თევზებს ყლაპავენ და იხრჩობიან, რადგან თავისებური კბილების გამო უკან ვეღარ უშვებენ მსხვერპლს. 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: