მეხუთე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (დათვი)

პლანეტა დედამიწა (დათვი)

დათვი დიდი ზომის მტაცებელი ძუძუმწოვარია. მას ხშირი ბალნით შემოსილი უზარმაზარი სხეული აქვს, მძლავრი კიდურები, სხეულთან შედარებით მომცრო ზომის თავი, პატარა ყურები, მოკლე კუდი და თათებზე ხუთ-ხუთი თითი -  მაგარი და ბლაგვი ბრჭყალებით. დათვი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის: თეთრი, მურა, შავი, რუხი. ბინადრობენ უღრან ტყეში, ღია ადგილებში, თეთრი დათვის სახეობა კი არქტიკაში ცხოვრობს.

 

დათვი, ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან. მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგად ცურავს, თუმცა თეთრ დათვს ვერც ერთი ვერ შეედრება.

 

მართალია დათვი მტაცებელი ცხოველია, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. ამგვარად ის ყველაფერს მიირთმევს -  მცენარეებსაც და ხორცსაც (რასაც უფრო ადვილად მოიპოვებს). შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათვის კბილების აგებულება. მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშუალებითაც ის კბეჩს მცენარეულ საკვებს.

 

დათვის სხვადასხვა სახეობას შორის ყველაზე ღონიერი, ძლიერი და სახიფათო გრიზლია. გრიზლი ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკაზე და გვხვდება აგრეთვე კანადაშიც. გრიზლი მურა დათვისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით: აქვს უფრო პატარა და ვიწრო მოყვანილობის თავი, ფართო, ბრტყელი შუბლი და უფრო მოკლე ყურები. კუდიც, ყურებივით, შედარებით მოკლეა. ბრჭყალები საკმაოდ გრძელი ეზრდება. უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი კი ზომაა. მისი სიმაღლე 3 მეტრსაც აღწევს, თუ უკანა თათებზე დადგება. წონით კი ნახევარ ტონამდე იწონის (შედარებისთვის: მურა დათვი ორ მეტრზე მაღალი არ იზრდება!)

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: