მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

დღეს დილიდანვე დიდი მოძრაობა იყო ქალაქ მცხეთაში. წიწამურიდან, ავჭალიდან და სხვა ახლომახლო დაბა-სოფლებიდან ხალხი მხიარული ხმაურით, შეუწყვეტელი ნაკადით მიიმართებოდა არმაზ-ქალაქისკენ, სადაც უკვე ზღვა ხალხს მოეყარა თავი. ხალხი არმაზ-ქალაქის საზეიმო სახლის წინ ირაზმებოდა, ყველა ცდილობდა, ადგილი დაეჭირა ქალაქის გალავნის შეჯავშნულ ალაყაფის კარებისკენ მიმავალ გზაზე.

 

ალაყაფის კარების ორივე მხარეს აღმართულ მაღალ კოშკებზე იდგნენ მშვილდ-ისრით შეიარაღებული მზირი-დარაჯები, ხელში გრძელი მოელვარე საყვირები ეჭირათ. დღეს მოელოდნენ ირანელებთან ბრძოლაში გამარჯვებულ მეფე ვახტანგ გორგასალს.

ხალხი ღელავდა, გუგუნებდა. ყველგან ისმოდა სიცილი, სიმღერა, დაუწყნარებელი ლაპარაკი.

- მიიწ-მოიწიეთ, გზა, გზა! - იძახდა მანდატურთუხუცესი და ჩამწკრივებული ხალხის შუა დააგელვებდა შავ ცხენს, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო.

მზე ჯერ კიდევ კარგა მაღლა იყო, რომ დარაჯებმა კოშკებზე ასწიეს საყვირები და შორს გაისმა იმათი ძალუმი ხმა.

ხალხი შეტორტმანდა, ხმა გაიკმინდა, ფეხის ცერებზე შედგა და მოუთმენლად მზერად გადაიქცა. შორიდან მოისმოდა ლაშქრული სიმღერა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა.

გაისმა გალავნის გარეთ მდგომი ხალხის მისალმების შეუწყვეტელი ძახილი:

- გაუმარჯოს ძლევამოსილ მეფეს და ლაშქარს!

ალაყაფის კარებში მედროშემ დროშის ფრიალით შემოაჯირითა მაღალი, წითელი ცხენი.

და გამოჩნდა ის, ვისაც ასეთი სიყვარულით ელოდა ხალხი.

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე