მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

ერთხელ ბა და უღუ მღვიმისგან მოშორებით, თვალუწვდენელ ჭალაში ცხენებზე სანადიროდ წავიდნენ. კარგა ხანს იყვნენ ჩასაფრებული ბა და უღუ და ბოლოს გამოჩნდა სამი ჭიხვინა. უმცროსი წინ მორბოდა, მას მოჰყვებოდა უფროსი და ბოლოს ყველაზე დიდი, მსუქანი და ლამაზი მზისფერი ჭიხვინა მოდიოდა. ბამ ცული მოიმარჯვა და ამ უკანასკნელს ფაფარში ეცა. ჭიხვინამ კისერი დაძაბა, გაიწია და გაიქცა. ბა თვალის დახამხამების უმალ მის ზურგზე შეხტა, გადააჯდა და დასჭყივლა: „ოჰო! ჰო! ჰოო!"

 

დამფრთხალი ჭიხვინა ქარივით გაქანდა ჭალაში. ისე სწრაფად, რომ უღუ ვეღარც კი არჩევდა ცხენის ზურგზე ბას. უღუ თვითონაც გამოუდგა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და უცებ დაინახა, რომ ცხენი ყალყზე შედგა, ცხენის თავს ზემოთ კი ქანაობდა ბას შეკრული თმის ქოჩორი, ბამ ასწია ცული და მოუქნია თავში დასარტყმელად, უღუ ერთ წუთს აღტაცებული შეჩერდა.

 

- ეჰე, ჰე, ჰეი, ჰეი, ბა! - შესძახა უღუმ სიხარულით, დარწმუნებულმა, რომ ბამ გაიმარჯვა, მაგრამ რაღაც საშინელი და მოულოდნელი მოხდა: ბა ჭიხვინამ გადმოტყორცნა, უკანა წიხლები მიაყარა და .... ბა მიწაზე დატოვა, თვითონ კი ჭიხვინით დიდი მდინარე ტკასაკენ გაიქცა.

 

როდესაც უღუმ მიირბინა, ბა უკვე უსულოდ ეგდო, სახე და გულისფიცარი ჩამტვრეული ჰქონდა. უღუმ არ იცოდა, დაუბრუნდებოდა ბას საყვარელი სახე თუ ჭიხვინამ წაიღო თან სამუდამოდ ბას ვაჟკაცობასთან ერთად მისი მხიარული სახე და გულისფიცარი.

 

დიდხანს იჯდა უღუ მამის გვერდით. ცხენებმა ჭიხვინით გაურბინეს ახლოს და საიდანაც მოვიდნენ, იმავე ბილიკით შევიდნენ ტყეში, მაგრამ უღუს არც კი დაუნახავს ისინი.

 

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე