მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

ერთხელ თეთ შეშინებული შევარდა მღვიმეში.

- მხეცი, - დაიყვირა მან, - შესასვლელთან ტრიალებს და ჩვენ გადაყრილ ძვლებს ხრავს!

ადამიანების დანახვაზე მხეცი გაიქცა, თუმცა მეორე დღესაც მოვიდა და ბავშვებს აღარ გაუგდიათ. ბოლოს ყოველდღე დაიწყო სიარული და ზოგჯერ ღამითაც რჩებოდა მღვიმის მახლობლად. იწვა, ძვლებს ხრავდა და „ჰაუ, ჰაუს" იძახდა..

 

- საკვირველი მხეცია, - თქვა თეთმა, - ძვლებს ხრავს, კუდს აქიცინებს და „ჰამუ, ჰამუს" იძახის, თითქოს ვიღაცას აშინებს. იქნებ ჩვენთან უნდა ცხოვრება?

 

ბავშვები თანდათან შეეჩვივნენ ჰამუს, არ უშლიდნენ ძვლების ხვრას. ერთი შემთხვევის შემდეგ კი კიდეც შეიყვარეს ის.

 

ღამით ჰამუს საშინელი ყეფა და მეორე მხეცის შემაძრწუნებელი ყმუილი გაისმა. უღუ და თეთ წამოცვივდნენ და ქვის ცულებით შეიარაღებულნი მღვიმის შესასვლელში ჩადგნენ. ჰამუ დიდ მხეცს ებრძოდა.

- ეს ავი მხეცი მგელია. მგელს ებრძვის ჰამუ, - წამოიძახა უღუმ, გადაწყვიტეს, ჰამუს დახმარებოდნენ, მაგრამ ჰამუმ თვითონ სძლია მგელს და აქოშინებული, ენაგადმოგდებული დაადგა თავზე.

 

თეთ ჰამუსკენ გაექანა, მაგრამ უცებ შეეშინდა და გაჩერდა. მაშინ ჰამუ თვითონ მიუახლოვდა ბავშვებს და კუდის ქნევით ფეხების ლოკვა დაუწყო. თეთმა თავზე ხელი გადაუსვა. ამის შემდეგ ჰამუ ნადირობაში ეხმარებოდა გამოქვაბულის მკვიდრთ, ღამით კი ყარაულობდა. ბავშვებს აღარაფრის ეშინოდათ.

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე