მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

პაწაწინა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზე მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრი თვალებით მოწინწკლული თხელი ქათიბი, ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინია, ვკანკალებ, მუდამ სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები...

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზე ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდე ჩემი ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლი გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ახლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და მშვენიერებით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზე იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდან წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

ჩვენ წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ „ჩხი!“ „ჩხი!“ მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. „თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..“ მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერიებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. 

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... 

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

 

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა