მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი რომ აყვავდებიან. უღრან, ბნელ, დაბურულ ტყეს ხომ რა შეედრება!...

 

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალწინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრან ტყეში დგას, ერთი კლდის თავზე. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელ წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ განშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. არაფრად აგდებენ ხმელ წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თვითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელ წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით...

 

საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონი ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელ ტყეს. მთიდან ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა.

 

ახლა კი როცა ქარი დაუბერავს, სხვა ხეები ირწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინათ კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდნენ.

 

ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი: სხვა ხეები მორთულან მწვანე ფოთლით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზე ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს გაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავ ხმელ წიფელს, ეჩოთირებათ და ამბობენ: „ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!“

 

არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დავიწყებია ხმელი წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს მისი სიდიადე.

განა ყველა, რაც ხმელია,

კაცისგან საწუნარია?!

ათასს ცოცხალსა ბევრჯელა

ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

ღამღამობით ათასში ერთხელ ხმელ წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: „ვერ იპოვეა?“

 

ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელ წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისგან შეწუხებული. ხმელი წიფელი დგას უშიშრად, არც ავს იტყვის, არც კარგს. გულში თითქო ღრმად ჩასჭიდებია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მისი ერთი ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულ ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა იმისი ნუგეში...

 

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა