მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. განჯინიდან არაჩვეულებრივი, გულის წარმტაცი, ყნოსვის დამატკბობელი სუნი შემოდიოდა. მთელი გუნდი თაგვებისა დაიძრა ამბის გასაგებად; წინ მიუძღოდა სახელოვანი ფიცხელა, განთქმული სიმარდით, გულადობით და გამბედაობით; იმას მოსდევდა ცელქა, შემდეგ ცქმუნა, მერე კუდა, ფხორა... მთელი ფარა იყო: სულ რჩეული ვაჟკაცები. როცა პირველად ჩამოიხედეს განჯინაში, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ: სათაგური დაინახეს.

- ბიჭებო, აქ რაღაც ოინია! - დაიძახა ფიცხელამ: - ჯერ ამისთანა რამ მე აქ არ მინახავს; არც ჯამსა ჰგავს, არც ქილაა, არც საშაქრე, არც ბოთლი.

თაგვებმა ცქერა დაუწყეს.

ფიცხელა პირდაპირ მიცუნცულდა. ლებანი სუნს თვალწარბში აბნევდა და უნებლიეთ იზიდავდა თავისკენ, მაგრამ ფიცხელამ გზა აუქცია: კარებს და სათაგურს გვერდიდან მოექცა: შემოუარა რამდენჯერმე გარშემო. ვერაფერი სახიფათო ვერ დაინახა, სათაგური უბრალოდ მავთულის ჭურჭლად დასახა, სადაც ერთი ლებანია დარჩენილი: უთადარიგო დიასახლისს დავიწყებია. დაბრუნდა და თავის ამხანაგებსაც ესევე უამბო...

- რას იტყვით, ბიჭებო?! - უთხრა ფიცხელამ თაგვებს: - მე საშიშს იქ ვერაფერს ვხედავ; გაბედავთ ვინმე შიგ შესვლას თუ ვერა?

- მოდი, მოვერიდოთ - სთქვეს თაგვებმა

- ჰაი, თქვე ლაჩრებო, თქვენა! ეგ არის თქვენი ბიჭობა?! მე წავალ და მიცქირეთ - თქვა და გაემართა სათაგურისაკენ. ხოლო სხვა თაგვებმა სული განაბეს და შორიდან უთვალყურებდნენ. ფიცხელა მარდად მიცუნცულდა სათაგურთან და ცოტა ხანს შესავალ კარებთან გაჩერდა! მიიხედ-მოიხედა: - არაფერი ამბავია, მშვიდობიანობაა: აქ რაა სახიფათო? ძალიან კარგად შეიძლება შეექცეს ფიცხელა ნიგოზს. მიუახლოვდა ლებანს და ოდნავ მოავლო კბილი, პირი გაიტკბარუნა. სრულიად დამშვიდდა, დაიმედდა, რომ არავითარი უბედურება მას აქ არ მოელოდა და მოსწია კიდევაც მაგრად ლებანი. მაგრამ, აი, სწორედ უბედურებაც ამ დროს მოხდა: სათაგური დასხლტა და ჩხაკანი მოისმა. თავზარდაცემული თაგვები დაფრთხნენ. ფიცხელამაც იგრძნო თავისი შეცდომა. მობრუნდა ფიცხლად და გაექანა კარებისაკენ გასასვლელად, მაგრამ ამაოდ: კარები უკვე მაგრა, ძალიან მაგრა იყო დაკეტილი. ძალიან შეწუხდა.

დიდ ვაებაში და საგონებელში ჩავარდა თაგვების გუნდი. ზოგნი ლოცულობდნენ და ღმერთს ეხვეწებოდნენ, დაეხსნა გაჭირვებიდან მათი თანამოძმე. სხვანი გარედან მახის მავთულებს ღრღნიდნენ, ტყუილად თავ-პირს იმტვრევდნენ. გათენდა კარგად. უნდა წასულიყვნენ თავ-თავიანთ ბინაზე, მაგრამ ფიცხელას მარტოდმარტო, უნუგეშოდ, უპატრონოდ დატოვება ემძიმებოდათ.

ის იყო გათენდა, როცა თაგვებმა სათაგური თავიანთ ხვრელთან მიათრიეს და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ წრიპინებდნენ, წრუწუნებდნენ, ამხნევებდნენ ერთიმეორეს, მაგრამ ვერ მოისაზრეს, რომ სათაგური ხვრელში ვერ გაეტეოდა.

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა