მეხუთე საფეხური
» სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

სათაგური და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

ქალაქიდან ძია ესტატე სახლში ღამით მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის „მერანს“, რომ შობა დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. ცხენიც თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულ ფეხებს.

ძია ესტატე მეტისმეტად კეთილი, სათნო ადამიანი იყო: იმისგან წყენა სოფელში პირუტყვსაც კი არ მოაგონდებოდა, მით უმეტეს, ადამიანს. მხიარული, ღაჟღაჟა, მუდამ მოცინარი, ოჯახის გაყრაში და მოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუამავალი იყო და ლხინში - თამადა.

- ჰაა, აბა, შერიგდით! - ეტყოდა ესტატე მოჩხუბრებს. - რა გაჩხუბებთ, თქვე კაი კაცებო, განა სულ ცოცხლები ვიქნებით? ეს წუთისოფელი - წუთია; სიამოვნებით გავატაროთ! სისხლი სისხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ. ხელობით სოფლის დალაქი იყო და თავისთვის ტკბილად ცხოვრობდა: ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი, ვენახი, ცოტაოდენი სახნავი მიწა, ძმათამოყვარეს, უწყინარს და ამასთან ხანში შესულ ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს. 

ესტატე სახლში რომ მივიდა, დაიძახა: „ოჯახისშვილებო, გამოიხედეთ, სტუმარი არ გინდათ?“ შინ ფაციფუცი შეუდგათ. „პაპა, მოვიდა, პაპა მოვიდა“, გაიძახოდნენ ესტატეს შვილიშვილები, სონა და კოლა: გოგო ექვსი წლისა, ხოლო კოლა რვისა. „სანთელი მოანათეთ, სანთელი! - იძახდა ესტატე: - რა დაგემართათ, ხომ არ დაიძინეთ?“

ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ პატარა ხელის ლამფით გამოვიდა კარში მსხვილი, ჩამრგვალებული დედაკაცი, მეუღლე ესტატესი, ეფემია.

- პაპა, სათაგური არ მოიტანე? - ჰკითხავდნენ ესტატეს დაჟინებით სონა და კოლა. - ჩუსტები, წაღები, საკაბე? - შესტიკტიკებდნენ მოაჯირზე მიყრდნობილი ბალღები პაპას.

- ყველაფერი მოგიტანეთ, შვილებო, ყველაფერი! - უპასუხებდა ესტატე და თან ხურჯინს ჰხდიდა.

ესტატემ ტანიდან აიხსნა მოხვეული ნაბადი და ცხენს გადააფარა; ხოლო თავად, ყაბალახით თავ-ყურშეხვეული, ხურჯინით ხელში, გაჰყვა უკან თავის მეუღლეს, რომელიც წინ მიუძღოდა. ესტატემ გახურებულ ბუხარს მიაშურა, ხურჯინი ტახტზე დასდო.

მოგვიანებით ძია ესტატემ ხურჯინიდან დიდი ამბით საშობაო საჩუქრები ამოაწყო, ბოლოს კი სათაგური ამოიღო, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა დიდიან-პატარიანად გულმოდგინებით დააბარა.

თაგვების ჯავრის ამოყრის იმედი ყველამ სათაგურზე დაამყარა. იმის მომზადებას შეუდგნენ. ეფემიამ ცეცხლზე დიდი კაკლის ლებანი მოშუშა. დააგო მავთულზე და ასე ფეხზე შემოყენებული დადგა განჯინაში. მერე ბავშვებს აუხსნა, თუ როგორ შეძვრებოდა თაგვი, მახე როგორ დასხლტებოდა და მოამწყვდევდა შიგ ავაზაკს.

მცირე ვახშმის შემდეგ დაიძინეს. ბავშვებმა საშობაო საჩუქრები ბალიშქვეშ ამოიდეს...

 

 

სათაგური და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ვაჟა-ფშაველა