მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #6)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #6)

გაბრტყელებულ პლანეტაზე, ანუ იქ, სადაც ახლა გრინკო და პია იმყოფებოდნენ, სხვა პლანეტებიდან ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა. უახლესი გამოთვლებით, ყოველ სამ დღეში ერთი უცხოპლანეტელი მაინც ჩამოვარდებოდა ხოლმე, ძირითადად ტუცები და კარპასები. უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილებისათვის ჰოსპიტალიც კი ჰქონდათ. ადგილობრივები საერთოდ რკინის ქოლგებით დადიოდნენ, ან ჩაფხუტებით მაინც.

 

იმის გამო, რომ უცხოპლანეტელები ციდან ცვიოდნენ, გაბრტყელებულ პლანეტაზე სახლების სახურავები რბილი ლეიბებითა და ბალიშებით იყო დაფარული. ზოგს დიდი ჰამაკები ჰქონდა გაჭიმული, რომ შიგ ჩაცვენილიყვნენ და არაფერი დაშავებოდათ. 

 

სივიწროვის გამო მთავარ მოედანზე ქალბატონი გლუჯის ქანდაკებაც ვერ დაედგათ, იქ მხოლოდ პატარა აბრა ჩაერჭოთ წარწერით: „აქ დაიდგმება ქალბატონი გლუჯის ქანდაკება“. თუმცა წლები გადიოდა და ქანდაკებას ვერა და ვერ დგამდნენ. ქალბატონი გლუჯი ვიღას ახსოვდა, როდესაც მთავრობამ გასუქებაც კი აკრძალა. უადგილობის გამო გაბრტყელებულ პლანეტაზე სულ უფრო მაღალ სახლებს აშენებდნენ.

 

რამდენიმე საუკუნით ადრე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაბრტყელებულ პლანეტაზე პირველი ტუცი ჩამოვარდებოდა, ყველაზე მოხუცმა კარპასმა იწინასწარმეტყველა, რომ მათი პლანეტა ამოყირავდებოდა. მოხუცი ერთხელ მდინარის პირას იჯდა და საკუთარ თავს აკვირდებოდა. ის უკვე იმ ასაკში იყო, როცა ადამიანს ყოველდღე თითო ნაოჭი ემატება. როდესაც სახეზე ზუსტად ასსამოცი ნაოჭი გაუჩნდა, ხალხი შეიყარა და გამოუცხადა:

- ჩაიწერეთ რასაც ვიტყვი. ჩაიწერეთ ყველაზე გამძლე მელნით ყველაზე გამძლე ქაღალდზე. მოვა დრო, როცა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალინ ბევრი ხალხი მოიყრის თავს. ხალხი მას შემდეგ გამრავლდება, როცა ვინმე კუდიანი ციდან ჩამოვარდება. მდინარეები და ტბები დაშრება, მათ ადგილას კი ძალიან მაღალ შენობებს ააშენებენ. ერთხელაც ეს პლანეტა წონასწორობას ვეღარ შეინარჩუნებს, მაღალი სახლების გამო გადაიხრება და ამოყირავდება.

- ეს როდის მოხდება? - ჰკითხეს იქ შეკრებილებმა.

- ეს მოხდება შუადღის სამ საათზე... - თქვა მოხუცმა. 

 

წინასწარმეტყველება მაშინ გაახსენდათ, როდესაც პლანეტა ერთმანეთზე მაღალი კორპუსებით გადაიტენა, ირგვლივ კი ტყე კი არა, უბრალო ხე და ბუჩქიც აღარ დარჩა. ბოლო წლებში, როდესაც სხვა პლანეტებზე მიწისძვრები გახშირდა და უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა, ყველა მოხუცის წინასწარმეტყველებაზე ალაპარაკდა. გულგახეთქილი ხალხი ყოველ სამ საათზე გადატრიალების მოლოდინში იყო.

 

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია