მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #4)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #4)

რადგანაც გარეთ მუდმივად ღამე იყო, ოთახებში მყოფთ დროის შეგრძნება დაეკარგათ. ზოგს ეძინა, ზოგს ეღვიძა, ზოგი სადილობდა, ზოგი კი ვახშმობდა. 

ბავშვებმა საშინლად მოიწყინეს.

რამე უნდა მოვიფიქროთ - მიმართა პიამ გრინკოს.

- მაინც რა?

- უნდა გავიქცეთ.

- ისიც გეცოდინება, როგორ.

- კი, ვიცი, - გრინკოს გასაკვირად თქვა პიამ, - ფანჯრიდან უნდა გადავძვრეთ.

გრინკოს ახლაღა მოაგონდა, რომ ამ ოთახს ფანჯარა ჰქონდა. თუმცა ის იმდენად მაღლა იყო, იქიდან გადაძრომა თავში არ მოსვლია.

- რას ამბობ, მიწამდე სანამ ჩავალთ, ჩვენი დაგვემართება. მგონი, მეორასე სართულზე ვართ.

- როგორმე სახურავზე უნდა ავძვრეთ. იქ კი კიბეც იქნება.

უცებ გრინკოს ერთმა აზრმა გაუელვა თავში და სასწრაფოდ უკან დაიწია.

- პია, იქნებ, გარეთ ატმოსფერო არაა.

- რა არაა? - ვერ გაიგო პიამ.

- ატმოსფერო, ანუ ჰაერი. ფანჯარა შეიძლება გავაღოთ, მაგრამ ვერ ვისუნთქოთ.

- ჰო, მაგრამ თვითონ რომ სუნთქავენ?

- შეიძლება გარეთ ჩაფხუტებით დადიან, ან ჟანგბადის ბალონებით.

- გავაღოთ ფანჯარა და ხომ მივხვდებით, ვიხრჩობით თუ არა.

გრინკო ჯერ მაინც ჭოჭმანობდა, მაგრამ მერე ურდული გამოსწია და ფანჯარა ნელა გამოაღო. ოთახში ნიავი შემოვიდა, რაც იმის უტყუარი დასტური იყო, რომ გარეთ ჰაერი არსებობდა.

ბიჭმა ფანჯრიდან გაიხედა და იქაურობა დაათვალიერა. ფანჯრის გასწვრივ სახანძრო კიბე იყო მიმაგრებული.

- აქ სახანძრო კიბეა, მე გადავცოცდები და მომყევი. ქვევით არ ჩაიხედო, თორემ თავბრუ დაგეხვევა, - ჩასძახა პიას და კიბეზე გადაბობღდა. ცოტა ხნის შემდეგ პიაც აბობღდა. ღამე იყო, მაგრამ ბნელი არა, ყველაფერი ჩანდა. 

- როგორც ჩანს, ამათ ორი მთვარე აქვთ - გაოცებისგან დაუსტვინა გრინკომ.

- ეგ ჩვეულებრივი ამბავია. მეც კი ვიცი, რომ ზოგ პლანეტას რამდენიმე მთვარე და რამდენიმე მზეც კი შეიძლება ჰქონდეს. მე ის უფრო მაინტერესებს, სახურავზე ლეიბები რატომ არის დაფენილი, - თქვა პიამ.

გრინკომ ახლაღა შენიშნა, რომ ფეხები უჩვეულოდ რბილ მასაში ედგა. მართლაც, მთელ სახურავზე ლეიბები დაეფინათ. 

სანამ ენაჩავარდნილი გრინკო ფიქრობდა, ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდესო, უცნობი კაცი გრინკოს თავზე წამოადგა.

- ვინ ხართ? - ძლივს ამოიღო ხმა გრიკომ.

- როგორ თუ ვინ ვარ, - გაუკვირდა უცნობს, - ვინ უნდა იყოს სახურავზე, თუ არა სახურავის დამლაგებელი.

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია