მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #3)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #3)

გრინკო ისევ იატაკზე იჯდა და ფიქრობდა, ეს რა გაუგებრობაში ამოვყავი თავიო. ხანდახან იმასაც წარმოიდგენდა, როგორ ეძებდა დედა სუპერმარკეტში.

- რატომ ვართ აქ? არაფერი უთქვამთ? - ჰკითხა გოგონას.

- არა, უბრალოდ საჭმელს გვაწვდიან და ეგაა.

- აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ რამე. მომეხმარე, რა! 

გოგონამ თავი გააქნია.

- ასე ვერაფერს მოვიფიქრებ. მე მხატვრული აზროვნება მაქვს. 

- რაო? - გრინკომ ყურებს არ დაუჯერა, - რა გაქვს?

- მხატვრული აზროვნება. როცა ვფიქრობ, აუცილებლად მჭირდება ქაღალდი და ფერადი ფანქრები. რასაც ვფიქრობ, თან უნდა დავხატო, გეგმა გავაკეთო. დედა ამბობს, მხატვრული აზროვნება გაქვს და მაგის ბრალიაო.

- საიდან მოგიტანო ფანქრები?! - გაბრაზდა გრინკო, - მსგავსი არაფერი გამიგია. შენც შემთხვევით კარპასი ხომ არ ხარ?

- მარტო კარპასები კი არ არიან უცნაურები, - ცხვირი აიბზუა გოგონამ და კუთხეში დაჯდა, - აბა, ქაღალდი და ფანქრები რომ მქონოდა, ამდენ ხანს აქ კი არ ვიქნებოდი. იცი, რა ჭკვიანი ვარ! ათას რამეს მოვიფიქრებდი.

გრინკომ ამოიოხრა.

გაიფიქრა, ეგ რაღა ჭკუაა, თუ ფანქრის გარეშე არაფერი შეუძლიაო, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს. ამ გადაკარგულში ძლივს ერთი ხმის გამცემი ჰყავდა და იმასაც ხომ არ მოიმდურებდა. წამოდგა და მეორე ოთახში დანარჩენების გასაცნობად გავიდა.

არცთუ ისე დიდი ოთახი ჩვეულებრივ სასტუმრო ოთახს ჰგავდა. კუთხეში იყო ოვალური ფორმის კარადა, ასევე იყო მაგიდა, სკამები, სავარძელი, დივანი. მაგიდაზე უცნაურ, ქვისგან გამოთლილ ლარნაკში ყვავილები ეწყო. ოთახში ერთი ქალი და ორი მამაკაცი იჯდა. კუთხეში რაღაც ცხოველი იწვა.

გრინკომ მალე გაარკვია, რომ იმ ოთახში მყოფნიც დაახლოებით ერთი თვის მოყვანილები იყვნენ. გრინკოს მსგავსად, ყველა მაშინ მოხვდა აქ, როდესაც მსხალი ჩაკბიჩა. ამასთან ეს მსხალი ზოგს სად შეეძინა, ზოგს - სად.

ამ დროს ქალი წამოდგა და გრინკოს მიუახლოვდა.

- მე ზოზი მქვია. პია სად არის?

- მეორე ოთახშია, - გრინკო უცებ მიხვდა, რომ პია იმ გოგოს ერქვა, რომელიც მას ელაპარაკებოდა.

- მე ვფიქრობ, ჩვენ აქ რაღაცები უნდა შევამოწმოთ. ბავშვებო, თქვენ მომეხმარეთ.

- რა უნდა გავაკეთოთ? - გრიკოს გაუხარდა, რომ ბოლოს და ბოლოს ერთ ადგილას არ იჯდებოდა.

- ეს ოთახი შევისწავლოთ. გავიგოთ, ვის ხელში ვართ. ყველაფერი გადააქოთეთ და რასაც უცნაურს დაინახავთ, აქ მოიტანეთ.

გრინკო და პია ოთახს მოედვნენ. მალე მაგიდა სხვადასხვა ნივთით გაივსო. ზოზი ყველაფერს კარგად ათვალიერებდა და შენიშვნებს უბის წიგნაკში იწერდა.

- ჰმ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. თითქმის ისეთივე ნივთები აქვთ, როგორიც ჩვენ, უცნაური კია,  - თქვა ბოლოს ზოზიმ.

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია