მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #7)

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #7)

ხარბი გლახაკი

 

იყო ერთი ღარიბი კაცი, მას დაესიზმრა: სამოცი ცხვარი ჰყავდა და გაყიდვა სურდა. მოვიდა ერთი კაცი და თითოეულისთვის ხუთ-ხუთი კირმანეული მისცა. ცხვრის პატრონმა ექვს-ექვსი სთხოვა. შევაჭრებისას გაეღვიძა კაცს და სინანულმა შეიპყრო. მაშინვე თვალები დახუჭა და ხელი მიუშვირა ვაჭარს:

ორ-ორი კირმანეული მომეცი და მოგცემო!

 

ქურდი მკერავი

 

იყო ერთი ქურდი მკერავი. რომელ ქსოვილსაც ჭრიდა, ბევრს იპარავდა. ერთ ღამეს დაესიზმრა: პირში ხე ამოსვლოდა და ყოველი მოპარული ნაჭერი ხის ტოტებზე ეკიდა. როცა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემამჩნევ, რომ ქსოვილს ვიპარავ, ხე მომაგონეო!

ერთმა დიდებულმა ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. როდესაც მოპარვა დაიწყო, შვილმა ხე მოაგონა. ეწყინა მკერავს და გაბრაზებულმა უთხრა:

- ასეთი ნაქსოვი როდის ეკიდა იმ ხეზეო?

 

ქორი, იხვი და კაკაბი

 

ერთმა ქორმა ერთი იხვი შეიპყრო და მისი შეჭმა მოინდომა. იხვი ჯერ კიდევ უვნებელი ეპყრა ხელთ, ზემოდან მონადირისგან შეშინებულმა კაკაბმა რომ ჩამოუფრინა. ქორი წაეტანა - ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც კლანჭიდან დაეხსნა და წაუვიდა, ვეღარც კაკაბს დაეწია და ორივე დაკარგა.

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი