მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #6)

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #6)

მეფის ანდერძი

 

იყო ერთი მეფე, როდესაც მისი სიკვდილის დრო მოვიდა, მოუხმო თავის შვილს და უთხრა:

- სხვას არაფერს დაგარიგებ, ოღონდ ეს შეასრულე: ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო!

მოკვდა მეფე და გამეფდა მისი ძე. ისე სძულდა ქოსა კაცი, რომ მას არავინ ახსენებდა.

ერთ დღეს ქოსამ ყვავილი მიუძღვნა. ეწყინა და დაასჯევინა, მაგრამ ბოლოს შეეცოდა და თქვა:

- არ მოჰკლათ, სადმე წაიყვანეთო.

მზარეულთუხუცესმა წაიყვანა. ქოსა თავს იკატუნებდა და მორჩა. ისეთი საჭმლის კეთება დაიწყო, მეფე მის მეტს არაფერს ჭამდა.

შეუყვარდა მზარეულთუხუცესს და აპატია.  დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის თამაში, მას ვერავინ სჯობნიდა. 

როდესაც ჭადრაკის მოყვარულმა ვეზირმა ეს ამბავი გაიგო, ქოსა კაცი თავისთან წაიყვანა. ქოსამ მასაც აჯობა.

ქოსა კაცის ქებამ მეფემდე მიაღწია, ვეზირს თავისთან მიაყვანინა იგი და ჭადრაკი ათამაშა. მეფეს ძალიან მოეწონა.

გავიდა ხანი. ვეზირს ვეზირობა წაართვა და ქოსას უბოძა. ქოსას დაუკითხავად მეფე აღარაფერს აკეთებდა. 

ერთხელ სამეფოს მტერი დაესხა თავს. მეფე ვეღარ გაუმკლავდა. რისი ზიდვაც შეეძლო, იმდენი თვალ-მარგალიტი აჰკიდა ცხენს, ერთზე თავად შეჯდა, მეორეზე ქოსა ვეზირი შეისვა და გადაიხვეწნენ.

მივიდნენ სხვა სამეფოში. ვეზირმა ურჩია:

- შენ ახალგაზრდა ხარ, მე კი - ხანდაზმული, აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე - ყმობა, ვაითუ სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო.

მეფემ უთხრა:

- ასეა: რომელ კაცსაც მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარესიც დაემართებაო!

 

სანთლით საძებარი მოურავი

 

იყო ერთი მოურავი. ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი ხელობის კაცნი გაუმტერდნენ, შეასმინეს მეფესა. მეფემ მას წაართვა მოურაობა და სხვას მისცა.

ახალი მოურავი ავი და მოძალადე კაცი იყო. დაღონდნენ მომჩივარნი და თქვეს: 

-  აღარ შეგვიძლია, მეფეს ახალი მოურავი ვთხოვოთ და ახლა რა ვქნათ?

შეიყარნენ კაციან-ქალიანად, ათივე თითზე სანთლები დაინთეს და ქუჩაში დაიწყეს სიარული.

მეფემ იკითხა:

- რატომ დადიანო?

მათ მოახსენეს:

- მაშინ რომ მოურავი გავაძევეთ, მას ვეძებთ და ვერ გვიპოვნიაო.

 

 

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი