მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #1)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #1)

სექტემბერი იდგა. გრინკო ხვალ-ზეგ სკოლაში უნდა წასულიყო. წიგნებს ათვალიერებდა და თან ფიქრობდა. არდადეგები რაღაც ძალიან სწრაფად გავიდა, თითქოს არდადეგები კი არა, დიდი შესვენება იყო. ერთადერთი ის ახარებდა, რომ წელს ასტრონომიას ისწავლიდნენ. მთელი სახელმძღვანელო და კიდევ უამრავი სხვა წიგნი უკვე წინასწარ ჰქონდა წაკითხული. მას შემდეგ, რაც კომპიუტერი უყიდეს, ინტერნეტშიც იქექებოდა. ტელესკოპს ხომ ყოველ დაბადების დღეზე ჩუქნიდნენ, უკვე სამი ცალი ჰქონდა, სამივე საკმაოდ მძლავრი. ამის გამო სახლში ხან გალილეო გალილეის ეძახდნენ, ხან - ჯორდანო ბრუნოს და ხანაც - არანორმალურს.

ერთ დღეს უცნაური რამ მოხდა. გრინკო დედასთან ერთად სუპერმარკეტში მსხალს ყიდულობდა. მოულოდნელად შეამჩნია, რომ სუპერმარკეტის უცნობ დერეფანში მარტოდმარტო მიდიოდა, ბოლოს კი უცნაური ბინის ოთახში აღმოჩნდა.

ბინაში მყოფებს არაფერი გაჰკვირვებიათ. სკამზე მჯდარი გოგონა წამოდგა და არხეინად მიუახლოვდა.

- ჩვენ კარპასებმა მოგვიტაცეს, - უთხრა გოგომ გაბრწყინებული თვალებით.

გრინკო ოთახში იჯდა და გამალებული ფიქრობდა. გათენებას საშველი არ დაადგა. გრინკომ საათიც დაინიშნა, მაგრამ არა და არ თენდებოდა. რამდენჯერაც გაიხედა გოგონამ ფანჯარაში, იმდენჯერ ღამე იყო.

- მე მგონი, მაგ ფანჯარაზე შავი ქაღალდია გაკრული და შენ ღამე გგონია, - გაბრაზდა ბოლოს გრინკო.

- რა შავი ქაღალდი, ვარსკვლავებსა და სახლს ვხედავ.

- აბა, ამსიგრძე ღამე მე არ გამიგია, თორმეტი საათი გავიდა, აქამდე ცხრაჯერ უნდა გათენებულიყო.

გოგონა ჩაფიქრდა.

- ჩრდილოეთ პოლუსზე შეიძლება ორი თვეც არ გათენდეს.

გრინკო შეცბა. ხომ შეიძლებოდა, მართლაც ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფილიყვნენ. იქ ძალიან დიდხანს არ თენდება.

- გამორიცხულია,  ჩრდილოეთ პოლუსზე ძალიან ცივა, აქ სითბოა.

- ესე იგი, არც ისე ცივა.

- პოლუსზე ხალხი არ ცხოვრობს, იქ სახლები არ არის. მარტო ყინულია.

- ესე იგი, კარგად არ შეუსწავლიათ, - იხტიბარს არ იტეხდა გოგო.

გრინკოს მოთმინება დაეკარგა.

- მომეხმარე, ეს მაგიდა ფანჯარასთან მივაჩოჩოთ.

გრინკო მაშინვე ზედ აძვრა და გაიხედა. უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ მაღალი სახლის კონტურები და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩანდა.

გრინკო ჩამოვიდა და დაბნეული მაგიდასთან დაჯდა.

- ჩვენ დედამიწაზე არ ვართ. არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ პოლუსზე. არსად. დედამიწიდან ეს ვარსკვლავები არ ჩანს.

 

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია