მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #5)

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #5)

ძუნწი და ოქრო

ერთმა კაცმა მიწაში დიდძალი ოქრო დაფლა, ყოველდღე მიდიოდა და ნახულობდა იმ ადგილს. სხვა კაცმა ეს შეამჩნია და თქვა:

- მივალ და ვნახავ იმ ადგილს, რომელსაც კაცი ასე ხშირად სტუმრობს და გავიგებ, რას მალავსო.

ღამით მივიდა, ამოთხარა, ის ოქრო წაიღო და მის წილ ლოდი დამარხა.

კაცს ოქროს ნახვა მოუნდა. ამოთხარა და ოქროს ნაცვლად ლოდი დაინახა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა ქურდი მასთან და ჰკითხა:

- რა გატირებს?

მან უპასუხა:

- ოქრო დავფალი, დახარჯვა არ მენება, მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.

ქურდმა უპასუხა:

- ვაი შენ! რა გატირებს? მიწაში გინდ ოქრო გდებია, გინდ ქვა, თუ არ დახარჯავდიო!

 

მეფე და მისი შვილი

იყო ერთი სამართლიანი, მოწყალე და ძალიან მდიდარი მეფე. დაბერდა, მეფობა შვილს უბოძა და უთხრა:

- შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე, და სანამ მე ცოცხალი ვიქნები, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და, რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეცი!

შვილმა მოუსმინა და ისეთი სამართლიანობა და სიკეთე გამოიჩინა, მამის მეფობა ყველას დაავიწყდა. დღე ცხენზე არ ჯდებოდა, ღამით შეხტებოდა ხოლმე, მაგრამ ლამპარს წინ კი არ წაიმძღვარებდა ხოლმე, არამედ უკან მიიდევნებდა, ყველას უკვირდა მისი ეს ქცევა, მაგრამ თქმას ვერავინ კადრებდა.

ერთ დღეს მამამ მისი შვილის მეფობის ამბავი იკითხა:

- ვითარ მეფობსო?

მათ ყველაფერი მოახსენეს: მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრის უკან მიყოლა.

მამამ თავისთან მიიხმო შვილი და უთხრა:

- შვილო, შენი დიდი ქება მესმის, მაგრამ თუ ღამით სიარული გიყვარს, ლამპრის უკან მიდევნებას მისი წინ წამძღვარება არ გირჩევნიაო?!

შვილმა უპასუხა:

- დღემდე ვერ შემოგკადრე, მაგრამ მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვარო და გლახაკს უბოძო, ისა სჯობს, თორემ მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქნებაო.

ეამა მეფეს და ყოველივე გასცა. მადლობა გადაუხადა შვილს და თქვა:

- ყოველივე კეთილი  სიცოცხლეში ქმნას, სჯობსო, და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი