მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

ერთხელ, როდესაც ბა და ნენ ნადირობიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და დაღლილები დასასვენებლად კერიასთან ტყავებზე მიწოლილიყვნენ, ბავშვები მღვიმიდან გამოვიდნენ და ძირს, დაქანებულ ფერდობზე დაეშვნენ. ნენმა შვილებს ისღა გასძახა, ფრთხილად იყავითო და ისინიც უმალ თვალს მოეფარნენ. თეთს იქ, ფერდობის ქვევით, ერთი ხე ეგულებოდა. ხეზე ველური ვენახი ასულიყო და მწიფე, წითელი ყურძენი მოესხა.

- ხილია - თქვა თეთმა. უცებ ავიდნენ ხეზე, მოგლიჯეს მტევნები და მარცვალი ფრთხილად ჩაიდეს პირში. იცოდნენ, რომ ზოგი ხილი მწარე, მჟავე და უგემური იყო, მაგრამ ეს ტკბილი და გემრიელი გამოდგა.

- რა კარგია! წავიდეთ და ბა და ნენ მოვიყვანოთ! - წამოიძახა უღუმ.

- სჯობს, ყურძენი შევაგროვოთ და წავუღოთ, დაღლილები არიან და გაუხარდებათ, მიუგო თეთმა.

დიდი ჯაფა და მოსაზრება დასჭირდათ, რომ შოლტის კავზე ჩამოეცვათ რამდენიმე მტევანი და ისე წაეღოთ.

მღვიმეში საღამოხანს დაბრუნდნენ. ბავშვების მიტანილ ხილს ნენ ეჭვის თვალით უყურებდა, ბას კი გაუხარდა.

- ეს გემრიელი ხილია, მე მიჭამია, ხვალ მე თვითონ წავალ და კიდევ მოვიტან, - თქვა მან. 

მეორე დღეს ბა მართლაც წავიდა, თან უღუ და თეთიც წაიყოლა. შეაგროვა ბევრი ყურძენი, შემდეგ მგლის ტყავი შემოიძრო, ზედ ყურძნის მტევნები დააწყო და ასე წამოიღო მღვიმეში. ამის შემდეგ ყურძენი მღვიმის ბინადართა ჩვეული საკვები გახდა.

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე