მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

ძველად ერთი დიდებული მეფე იყო. დღე და ღამ სულ თავისი სამეფოს ბედნიერებაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ერთ დღეს მკითხავმა მოახსენა: „დიდებულო ხელმწიფეო! თქვენს სამეფოში არაფერი გამოვა, სანამ ქაჩლებსაც ბინა ექნებათო. თუ ისინი არ მოიშორეთ როგორმე, შრომა და ზრუნვა უქმად ჩაივლისო.“

დაიჯერა მეფემ, გაცსა ბრძანება და მისთანა თქვენს მტერს, იმ სამეფოს დღე დაადგა: ქაჩლებს ხუჭუჭთმიანებიც მიაყოლეს ხელქვეითებმა. მათი შიშით ქუდი ვეღარავინ დაიხურა: „მაშინვე სიქაჩლეს დასწამებდნენ! “

აევსო ხალხს მოთმინების ფიალა და მიუგზავნეს მეფეს მთხრობელი: „აღარა ვართ! ამოვვარდით ამ თქვენი კარისკაცებისგანაო! თუ ამათ ასე წამდაუწუმ თმაში ხელი გვავლეს, დავქაჩლდებით, აბა, რა დაგვემართებაო?“

მეფემ იხმო კარისკაცები და გამოჰკითხა, მაგრამ იმათ ასე იმართლეს თავი: „მართალია, ხანდახან ხუჭუჭთმიანებსაც მოვავლებთ ხელსაო, მაგრამ განა არ შეიძლება, რომ ქაჩალმა სხვისი თმა გაიკეთოს და თავი შემოგვაპაროსო?!

მეფემ მოუწონა ხელქვეითებს ერთგულება და მოხერხება და არა თუ შერისხა, კიდევაც დააჯილდოვა. ამით გათამამებულმა კარისკაცებმა სულ მუსრი გაავლეს სამეფოს... მეფემ კარისკაცები ერთ დიდ დარბაზში შეჰყარა, თვითონ კი სენაკში დაიმალა: უნდოდა შეეტყო, რანაირად ირჯებიან ისინი, როდესაც მას არ ხედავენ.

მეფემ დაინახა, როგორ დაუვარდა სამივე კარისკაცს ქუდი საუბრისას და როგორ აღმოჩნდა სამივე ქაჩალი. ადგა, გამოვიდა დარბაზში და ჰკითხა კარისკაცებს:

- რა მიზეზია, რომ სამეფო ასე გამიორგულდაო?

იმათ უპასუხეს, რომ ეს სულ ქაჩლების ბრალიაო. ვსდევნით, დღე და ღამ მოსვენება არ გვაქვს, მაგრამ ვერა გავაწყვეთ, არა გვეშველა რაო!

- რადგან ქვეყნიური საშუალება აღარ გამოგვდგომია, ახლა უნდა ზეციერს მივმართოთ, და თუმცა ქუდის მოხდა ჩვეულება არ არის, მაგრამ ახლა კი მე გიბრძანებთ, ყველამ ქუდი მოიხადოთ და თავშიშველი შევევედროთ ღმერთს, რომ ქაჩლები მოგვაშოროს.

ფერი ეცვალათ კარისკაცებს, მაგრამ რაღას იზამდნენ? 

მეფემ კარისკაცები დასაჯა და მას შემდეგ  ამბოხება და  უკმაყოფილება აღარ ყოფილა.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი