მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

ჩემი სახლის აივანზე დიდი ხანია მერცხლები ბუდობენ და რადგანაც ხელშემშლელი არავინა ჰყავთ, მრავლდებიან. გაზაფხულის პირას ცხელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, ძველები ისევ შარშანდელ ბუდეს უბრუნდებიან და ახალ ბუდეს მხოლოდ შარშანდელი ბარტყები იკეთებენ. ასე მიდის იმათი საქმე წლიდან-წლამდი ხელშეუშლელად.

 

მხოლოდ წელს კი, 1910 წელს, უჩვეულო რამ მოხდა: ერთი ჭივჭავი ჩაეპარა მერცხალს ბუდეში, მოიკალათა შიგ და მერცხალს აღარ უშვებდა... იკორტნებოდა. მეორე დღეს მოფრინდა მერცხლის გუნდი, ყველას ტალახი მოჰქონდა პირით, დაუწყეს ბუდეს გალესვა, ასე რომ, თუ ჭივჭავი არ გამოფრინდებოდა, ბუდეში დაიხრჩობოდა. როცა დაინახა, მერცხლები არ ხუმრობდნენ, როგორც იქნა, გაასწრო მათ. იმ საღამოსვე გაჩნდა ჭივჭავის გუნდი და დაერია მერცხლებს. შეიქმნა ერთი წივილ-ჭყივილი. ჰაერში მერცხლები სჯობნიდნენ, რადგანაც ბრჭყალს გაჰკრავდნენ ხოლმე, მაგრამ ბუდეში რომ შეასწრებდნენ და კორტნაზე მიდგებოდა საქმე, ჭივჭავები იმარჯვებდნენ. ზოგგან ბუდეებიც კი დაანგრიეს. გამარჯვება ჭივჭავებს რჩებოდა, მაგრამ მე ჩავერიე გამშველებლად: ჭივჭავები აღარ გამოვუშვი აივანზე. დავინახავდი თუ არა შემოფრენილს, მაშინვე გავდევნიდი ხოლმე. სამ დღეში ყველაფერი მიწყნარდა და ჩადგა თავისვე წესწყობილებაში. მეც დიდხანს აღარ დავრჩენილვარ ამ სახლში.

 

მეორედ რომ დავბრუნდი, მერცხლის ბუდეები გამრავლებული დამიხვდა: სადაც ერთი ბუდე იყო, იქ მეორეც ზედ მიეტყუპებინათ მისთანავე და ცალში რომ მერცხალი ბუდობდა, მეორე ცალში ჭივჭავი დაბუდებულიყო. ვინ შეარიგა? ან როგორ მორიგდნენ ეს სხვადსხვა გვარის ფრინველები? 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი