მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

ერთი ფარა ცხვარი დადიოდა თავისუფლად, თანაც ერთი ძაღლი დაჰყვებოდა და სულ ყეფდა ისე, რომ ცხვრებს თავი მოაძულა. აუტყდნენ ცხვრები: რა უბედურებაა, რომ ეს ძაღლი აღარ გვასვენებსო! ნეტავი რა სარგებელი მოაქვს ამის ყეფასაო? ყურთასმენა აღარა გვაქვს ამისგან და ბულბულების ჭიკჭიკიც აღარ გვესმისო!

 

ერთი სიტყვით, იმდენად შეაწუხეს ეს ძაღლი, რომ ვეღარ გაუძლო მათ დევნას, დაანება ცხვრებს თავი და მოშორდა. თვითონაც მოისვენა და ცხვრებიც გახარებულნი დარჩნენ.

 

გაიარა მცირე ხანმა და, მისთანა თქვენს მტერს, ცხვრებს საქმე მოუვიდათ: ძაღლის ყეფა რომ ვეღარ გაიგონა მგელმა, იფიქრა: იმისთანა სიზმრებს ვხედავ, რომ, მგონია, ჩემი ბედი აკუნტრუშდაო! - მიუახლოვდა ცხვრის ფარას და ძაღლი რომ ვეღარ დაინახა, გაერია შიგ, ხან ერთს მიადგა და ხან მეორეს! შევიწროვებულმა და ბედის მაწყევარმა ცხვრებმა ღმერთებს მიმართეს ვედრებით: „ყოვლის შემძლებელო, ისევ წაღმა მოგვიბრუნე ჩვენი ბედის ბორბალიო! აქამდე ძაღლისაგან აღარ გვქონდა ყურთასმენა და ახლა მგელი უარესს გვიშვრება: ზურგზე ტყავს აღარ გვარჩენსო!“

 

იუპიტერმა მიუგო: „თქვე უგუნურებო, თქვენაო! ის ძაღლი იმიტომ კი არ ჰყეფდა, რომ თქვენ შეეწუხებინეთ, არა, იმიტომ არ ისვენებდა, რომ თქვენი მტერი მგელი შეეწუხებინა, და ეგ დღე არ დაგდგომოდათო. თქვენი ერთგული თქვენვე მოიძულეთ და ახლა რაღას მაწუხებთო?! შეწუხდნენ ცხვრები და ისევ შეევედრნენ: „რადგანაც მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, ერთი პატარა ლეკვი მაინც გვიბოძეო!“ მაშინ განრისხებულმა ღმერთმა მიაყვირა: „თქვენ ისეთის ჯიშისა ხართ, ვერც ძაღლს იგუებთ და ვერც კატასაო! ბულბულის სტვენით ნადირი ვის მოუგერიებიაო? წაბრძანდით და ახლა თქვენს მგლებს დაეკითხეთო!“

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი