მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

სამწყემსურში წასვლა, მინდვრად და ტყეში, და იქ დარჩენა ჩემთვის სამოთხეში შესვლა იყო. გათენდებოდა თუ არა, უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქ ვრჩებოდი. ყმაწვილი, რომელიც სოფელში არ გაზრდილა, ის მოკლებულია უპირველეს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისება მათ.

 

ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს. ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებენ, მაგალითად, ტაფა-რიკს თვითონ გამოსჭრიან ხოლმე, მშვილდ-კოდალს იკეთებენ, ბურთს თავის ხელით იმზადებენ და ეს შრომა კიდევ უფრო აყვარებს პატარა პატრონს თავის საკუთრებას! ეს ჩემს თავზე გამომიცდია! სხვისი გაკეთებული და ნაყიდი სათამაშოები არაფრად არ მიმაჩნდა და ჩემსას კი ვუფრთხილდებოდი ხოლმე. პატარებს უყვართ დიდების მიბაძვა და, მეც რომ ხუხულა სახლებსა და ბეღელ-სასიმინდე-წისქვილებს ავაშენებდი ხოლმე, ჩემს სიამოვნებას საზღვარი აღარ ჰქონდა. თავი მომქონდა, რომ მე თვითონ ვაკეთებდი. აბა, წარმოიდგინეთ სოფლელი ბავშვი, რომელსაც თავის ხელით  გაკეთებული ბურთი ხელში უჭირავს და თავისუფლად გაჰკრავ-გამოჰკრავს ხოლმე ხტუნვითა და სირბილით, და შეუდარეთ ქალაქელს! ქალაქელ ბავშვს უჭირავს ხელში ძაფზე გამობმული ბუშტის ბურთი, შიშით ვეღარ ინძრევა, არ გამიფრინდესო...  სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ სოფელში გაზრდილ და ქალაქში მყოფ ბავშვებს შუა ისეთი განსხვავებაა, როგორიც ნამდვილსა და მის აჩრდილს შუა. ქალაქში ცხოვრება ბედმა ამაცდინა მე და ექვსი-შვიდი წლის ნამდვილი ბუნების შვილი ვიყავი: ტანმრთელი, მალხაზი, კეთილი, ყველას მოსიყვარულე და თავისუფალი, როგორც სამოთხის შვილი.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი