მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

სამართლისმოყვარე ხელმწიფესთან ერთ საწყალ კაცზე ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, საძაგელი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთ დღეს მომჩივნებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივნებმა, მაგრამ სულ ქალებმა! ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის დასჯას.

ხელმწიფე თითქმის დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ თავი იმართლა და მოახსენა ხელმწიფეს:

- ბატონო! მარტო მაგ ქალების საჩივარს ნუ დაენდობით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს დასჯას, მაშინ თანახმა ვიქნებიო!

დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ქალიც და დაეკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შეევედრნენ მის შეწყალებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ მოპასუხეს ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს, ამდენი მოსისხლე მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარიო?“

- დიდებულო ხელმწიფეო! დააკვირდით, თუ იმ ათას ქალში ლამაზს ამოარჩევთ, ამ ორმოცში კი უშნოს, მაშინ მოგახსენებთ პასუხსო, - უპასუხა საწყალმა.

მართლაც, დაათვალიერა ხელმწიფემ ქალები და ვერც იმ ათასში შენიშნა ლამაზი და ვერც იმ ორმოცში უშნო. გაკვირვებით ბრძანა: „ეს მართლა, რას ნიშნავსო?“

- რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო! - მიუგო მაშინ მოპასუხემ, - არც ერთისთვის არაფერი  დამიშავებია და არც მეორისთვის არაფერი გამიკეთებიაო. მე ერთი საწყალი ხელოსანი კაცი ვარ, მესარკე; სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩაიხედავენ შიგ - ლამაზად გამოჩნდებიან, და უშნოები - უშნოებად! მე სარკეს იმიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს და უშნომ საკუთარი ნაკლი დაინახოს და გამოსწორებას ეცადოს. ესენი კი თავის ნაკლოვანებას ჩემს სარკეს აბრალებენ! ახლა რისი ღირსიც ვარ, თქვენ გადაწყვიტეთ დიდებულო და სამართლიანო ხელმწიფეო!

მოეწონა ხელმწიფეს პასუხი და ბრძანა:

- დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს გვანან ხელობითაო!

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი