მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #6)

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #6)

მეხუთე პლანეტა ძალიან საინტერესო პლანეტა იყო, მაგრამ იგი ყველაზე პატარა აღმოჩნდა. პლანეტაზე ისე ცოტა ადგილი იყო, რომ მხოლოდ ერთი ფარანი და მეფარნე ეტეოდა. პატარა უფლისწული ვერ მიმხვდარიყო, რა საჭირო იყო ფარანი და მეფარნე ცაში მიკარგულ პატარა უკაცრიელ პლანეტაზე. „იქნებ ამ კაცის ცხოვრება უაზროა, მაგრამ არც ისე უაზრო, როგორც მეფის, პატივმოყვარისა და ლოთის - გაიფიქრა მან. - მის სამუშაოს რაღაც აზრი მაინც აქვს. როცა იგი ფარანს აანთებს, თითქოს ერთი ახალი ვარსკვლავი ან ყვავილი ჩნდება ქვეყნად. მშვენიერი საქმეა და ნამდვილად სასარგებლოც, რადგან ლამაზია“. და მიუახლოვდა თუ არა პლანეტას, პატივისცემით მიესალმა მეფარნეს.

- გამარჯობა! რატომ ჩააქრე ფარანი?

- ასეა დაწესებული, - მოუგო მეფარნემ, - დილა მშვიდობისა.

- რა არის დაწესებული? - ის, რომ ფარანი ჩავაქრო. საღამო მშვიდობისა. და მან ხელახლა აანთო ფარანი.

- ხელმეორედ რატომ აანთე? - ასეა დაწესებული, - გაიმეორა მეფარნემ. - ვერაფერი გავიგე, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- აქ გაუგებარი არაფერია, - უპასუხა მეფარნემ, - წესი წესია. დილა მშვიდობისა. და ისევ ჩააქრო ფარანი. შემდეგ წითელუჯრედებიანი ხელსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა: - ძნელი ხელობა მაქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი. დანარჩენ დროს ვისვენებდი, ღამით კი მეძინა...

- მას შემდეგ წესი შეიცვალა?

- არა, წესი არ შეცვლილა და უბედურებაც ეს არის! საქმე ისაა, რომ რაც დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება!

- მერე? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- მერე და პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება და ერთი წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს.

პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. პატარა უფლისწულმა ღრმად ამოიოხრა: „აი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მე დავუმეგობრდებოდი, - გაიფიქრა მან. - მაგრამ მისი პლანეტა მართლაც ძალიან პატარაა ორი კაცისათვის...“

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი