მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #5)

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #5)

მეორე პლანეტაზე ერთი პატივმოყვარე კაცი ცხოვრობდა.

- აი ჩემი თაყვანისმცემელიც! - წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს. პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია.

- გამარჯობა, - მიესალმა მას პატარა პრინცი

- რა სასაცილო ქუდი გახურავთ!

- ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, - მიუგო პატივმოყვარემ. - როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის.

- მართლა? - შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა.

- აბა ტაში შემოჰკარი, - უთხრა პატივმოყვარემ.

პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი. „აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან“, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოჰკრა ტაში. პატივმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი. ასე გაგრძელდა ხუთი წუთი. ბოლოს პატარა პრინცი დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით.

- რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? - შეეკითხა პატარა უფლისწული. მაგრამ პატივმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი: პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

- ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? - შეეკითხა იგი პატარა პრინცს.

- რა არის თაყვანისცემა? - თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

- მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

- მაამე და მეცი თაყვანი.

- თაყვანს გცემ, - უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, - მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა? და იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას.

მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,

- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

- ვსვამ, - პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ? - რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

- დავივიწყო, რომ მრცხვენია, - გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? - შეეკითხა პატარა პრინცი და ძალიან მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.

- მრცხვენია, რომ ვსვამ!.. - დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა. პატარა უფლისწული დაიბნა. „დიდები მართლა უცნაური ხალხია“, - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი