მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #3)

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #3)

მეხუთე დღეს ფარდა აეხადა პატარა უფლისწულის ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

- თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

- ბატკანი, - მივუგე მე, - ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

- ეკლიან ყვავილებსაც?

- ეკლიანსაც.

- მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

- რაღა საჭიროა ეკალი? თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა.

- არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

- არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულუბრყვილო არსებაა.

მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

- და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი...

- არა! არა! მე არაფერი არა მგონია. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს! მან გაოცებით შემომხედა:

- სერიოზული საქმე?  შენ დიდებივით ლაპარაკობ! - თქვა მან.

ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

- ყველაფერი გეშლება... ყველაფერს ერთმანეთში ურევ! იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული.

- მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

- რა არის?

- სოკო!

პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

- მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია, ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა?

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი