მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #2)

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #2)

კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. ბოლოს საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, სადაც პატარა პრინცი ცხოვრობდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ. მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევარქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი. და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:

- ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?

- სრული სიმართლეა.

- როგორ მიხარია!

ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:

- რაკი ეგრეა, ბაობაბსაც ხომ შეჭამს?

მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.

- სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა - დინჯად განმიმარტა მან.

- მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?

- როგორ თუ რატომ! - ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს.

როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი - ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში. პატარა უფლისწულის პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა... ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!

- მთავარია დისციპლინა, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. 

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი